ხვალ საფრანგეთისა და ხორვატიის ნაკრებები მსოფლიოს ჩემპიონის ვინაობას გაარკვევენ. რაა დასამალი, ბევრი ადამიანი ფრანგების გამარჯვებას წინასწარმეტყველებს და როგორც ჩანს ამ წინასწარმეტყველებას სპორტული ტანსაცმლისა და ინვენტარის გიგანტი „ნაიკიც” უერთდება.
საქმე ის არის, რომ ნაკრებ გუნდებს, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონები ყოფილან, მაისურებზე იმდენი ვარსკვლავი აქვთ ამოქარგული რამდენჯერაც მოუგიათ მონდიალი. და აი, ცნობილი გახდა, რომ „ნაიკმა”, რომელიც ზრუნავს როგორც ფრანგების ასევე ხორვატების ჩაცმაზე უკვე გამოუშვა 20 000 ორვარსკვლავიანი ფრანგული მაისურა, რომელთა გაყიდვას ორშაბათიდანვე აპირებს. სავარაუდოდ, ხორვატთა გამარჯვების შემთხვევაში, 20 000 მაისურის ფასი ისეთ ფირმას როგორიც „ნაიკია” არ გააკოტრებს, მაგრამ მეორე მხრივ ბიზნესმენები ტყუილად ცენტს არ ხარჯავენ და ეტყობა ამერიკული კომპანია დიდიე დეშამის გუნდის გამარჯვებაში დარწმუნებულია.
კერავენ თუ არა ერთვარსკვლავიან ხორვატულ მაისურებს ბობოყვათში, ვერ გეტყვით.
საინტერესო ფაქტია, რომ 1998 წელს, როდესაც ფრანგები პირველად გახდნენ მსოფლიოს ჩემპიონები, „ადიდესმა” მთელი კვირა დაიცადა და მხოლოდ ამის მერე გაიტანა გასაყიდად ვარსკვლავით დამშვენებული ლურჯი მაისურები.
შეგახსენებთ, რომ ფრანგები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ბოლოს 2006 წელს იყვნენ და მიუხედავად იმისა, რომ ტოტალიზატორებში ხალხი ფულს მათ მოგებაზე დებდა, წააგეს. ეს ის თამაშია ზიდანმა მატერაცის თავი რომ აძგერა.
იმ შეხვედრის წინ „ადიდასმა” ოფიციალურად განაცხადა, რომ სანამ მატჩი არ დამთავრდება ორვარსკვლავიან მაისურებს არ გამოუშვებს.
შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინ ფრანგებმა კიდევ ერთი ფინალი წააგეს — ევრო 2016-ის ჩემპიონი პორტუგალია გახდა.