„მანჩესტერ სიტი” ფიფასგან 4,41 მილიონ ევროს მიიღებს. მიზეზი: მას მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე მეტი ფეხბურთელი ჰყავდა, რომელთაც ყველაზე მეტი ითამაშეს. ცხადია, თანხები სხვა კლუბებსაც ჩაერიცხათ, მაგრამ ამდენი არც ერთს.
ახლა კი დავაზუსტოთ, ასეთი რა „ხეირის პროგრამა” ჰქონდა ფიფას, პეპ გვარდიოლას გუნდს ისედაც სავსე ჯიბე უფრო მეტად რომ შეუვსო. პროგრამის თანახმად, მონდიალის ყოველ ტურში თითოეული ფეხბურთელის თამაშისთვის კლუბი იღებდა 7248 ევროს. პრემიერლიგის ჩემპიონ „მანჩესტერ სიტის” კი მონდიალზე 16 ფეხბურთელი ჰყავდა, მათ შორის ინგლისელები რაჰიმ სტერლინგი და ჯონ სტოუნზი, ბელგიელი კევინ დე ბრუინი, ბრაზილიელი გაბრიელ ჟესუსი და სხვები.
ამ წუთისთვის ერთის გარდა „სიტის” ყველა ფეხბურთელმა დაასრულა მსოფლიოს ჩემპიონატი. ერთადერთი დარჩენილი გახლავთ ფრანგი ბენჟამინ მენდი და თუ „ლურჯები” ხვალ ხორვატიის ნაკრებს დაამარცხებენ, ის მსოფლიოს ჩემპიონი გახდება.
სულ მონდიალში 386 კლუბის ფეხბურთელი მონაწილეობდა. შემოსული თანხით „მანჩესტერ სიტიმ” აჯობა „რეალს”, რომელმაც 4 323 716 ევრო მიიღო.
მესამეზე გავიდა „ჩელსი”, რომლის შემოსავალია 3 970 996 ევრო. მეოთხეზეა „ტოტენჰემ ჰოთსპური” — 3 849 432 ევრო, ხოლო მეხუთეზე „ბარსელონა”, რომელმაც ფიფასგან 3 664 928 ევრო მიიღო.
კილიან მბაპესა და ნეიმარის „პარი სენ ჟერმენი” 3 616 048 ევროს მიიღებს.
„მანჩესტერ იუნაიტედი”, რომელსაც ფინალში პოლ პოგბა ჰყავს — 3 354 352 ევროს.
„მონაკოს” წილია 3 007 878 ევრო. მადრიდის „ატლეტიკოსი” — 2 676 329, ხოლო „იუვენტუსის” — 2 493 628 ევრო.
სულ პრემიერლიგის კლუბებმა 34 824 327 ევრო მოხვეტეს, ლა ლიგას კლუბებმა — 18 668 054, ხოლო ბუნდესლიგის კლუბებმა დაახლოებით 16 მილიონი.
საინტერესოა, რომ ფიფამ ფულის გადახდა 31 მაისს დაიწყო და ყოველი ფეხბურთელის თამაშის შემდეგ ეტაპობრივად ამატებდა.