ინგლისელმა ფანებმა ნახევარფინალში ხორვატიასთან წაგების შემდეგ სოციალურ ქსელებში შეხვედრის მსაჯს თურქ ჯუნეით ჩაქირს შეუტიეს. შეგახსენებთ, ეს ის არბიტრია, რომელზეც თამაშის წინა დღეს ბრიტანული პრესა წერდა, მისი მსაჯობა ჩვენს გუნდებს კარგად აქვს დაცდილიო. ზოგი იქამდეც კი მივიდა, რომ ფიფას გამოძიებისკენ მოუწოდა — ის რაც ნახევარფინალში მოხდა სპორტის სირცხვილიაო.
მაინც რას ედავებიან მარცხთან ვერ-შეგუებული ინგლისელები ჩაქირს? უპირველეს ყოვლისა იმას, რომ მათი აზრით ყოველთვის, როდესაც ხორვატი ფეხბურთელი მოედანზე ვარდებოდა, თურქი უსტვენდა და ჯარიმას ნიშნავდა. მავანმა შუა თამაშის დროს მსაჯის შეცვლაც კი მოითხოვა.
„ასეთი მსაჯობა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალს არ ეკადრება. ხსნა არსაიდან ჩანს”, — წერდა ქომაგი.
რასაკვირველია, ლაპარაკი იყო იმაზეც, რომ ანგარიშის გათანაბრების დროს ივან პერიშიჩმა ფეხი ძალიან მაღლა აწია, რაც ინგლისელ გულშემატკივართა აზრით სახიფათო თამაშად უნდა შეფასებულიყო.
„სანი” წერს, რომ ყველაზე მეტად „მანჩესტერ იუნაიტედის” ფანები აღშფოთდნენ, რომელთაც კარგად ახსოვთ როგორ გააძევა ჩაქირმა 2013 წელს ნანი „რეალის” ალვარო არბელოასთან ორთაბრძოლის დროს ფეხის მაღლა აწევისთვის.
„ჯუნეით ჩექირი ინგლისურად ითარგმნება როგორც მაიკ დინი”, — დაწერა სხვა გულშემატკივარმა.