საქმე ხუთიდან ხუთ მოგებაში როდია. ქართველი ოძეკი ისე უპრობლემოდ უსწორდება ცენტნერნახევრიან გოლიათებს, სუნთქვის გახშირებაც არ ეტყობა.

დღეს მისი რიგით მეხუთე მსხვერპლი კოტოსიოგიკუ შეიქნა, რომელიც ძალისმიერი მიწოლით გაიტანა დოჰიოდან. ლევან გორგაძის დარად ხუთი მოგება აქვს სეკივაკე მიტაკუემისაც. დაველოდოთ, როდის მოუწევთ მათ უშუალო ჯახში მჯობნის მჯობნის გარკვევა.

მეორედ დამარცხდა იოკოძუნა კაკურიუ, რომელსაც გუშინ ჩვენებურის მიერ ნაბურთავებმა აბიმ აჯობა. კაკურიუს მარცხი ლევანისთვის მორიგი ჰანდიკაპია. მოგეხსენებათ, მეორე იოკოძუნა ჰაკუჰო გუშინ ტურნირიდან მოიხსნა და მის დაბრუნებაზე ჯერ არაფერი თქმულა.

ხვალ, რიგით მეექვსე დაპირისპირებას ტოჩინოშინი ტამავასისთან გამართავს. წესით, არც ეს ბარიერი უნდა აღმოჩნდეს ლევანისთვის დაუძლეველი. აქამდე ტამავასის ქართველი 17-ჯერ დასჯახებია და 13-ჯერ თავისი გაუტანოა. შეგახსენებთ იმასაც, რომ უმაღლეს – იოკოძუნას ტიტულს ზედიზედ ორი ბაშოს მოგების ან სტაბილურად მაღალი დადებითი ბალანსის გამო იძლევიან.

ლევანს ჩინებული იანვრის ბაშოს შემდეგ მარტში იმპერატორის თასი აქვს მოგებული, მაისში ტრავმირებული ბოლო დღემდე გამარჯვების კანდიდატი იყო და აჰა, ივლისიც – ყველა და ყველაფერი გადათელა.

ღმერთმა ქნას, ტოჩინოშინმა ნაგოიაში იპირველოს და არ არის გამორიცხული, იოკოძუნას ტიტულის მაძიებლადაც გამოცხადდეს.

ერთ-ერთ რუსულ საიტზე ბოღმიან კომენტარს წავაწყდი: იაპონელებს ისე მოსწყინდათ სუმოში მონღოლთა (ჰაკუჰო და კაკურიუ) ბატონობა, რადგან მათიანი ვერაფერს აკლებს, დედაბუდიანად ქართველს ქომაგობენო.

იყოს ასე!

წილი
წინა სტატიაკონტე სარით მოიცილეს  
შემდეგი სტატიასაჭირბოროტო კითხვა-პასუხი
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".