ნახევარფინალში 0:1 წაგების შემდეგ, ბელგიის ნაკრების გამწარებულმა მეკარემ ტიბო კურტუამ მეტოქის თამაშს ანტიფეხბურთი უწოდა. ბელგიურ გაზეთ Het Nieuwsblad-თან ინტერვიუში მან თქვა:

„საფრანგეთმა ანტიფეხბურთი ითამაშა. ჯერ არასდროს მინახავს, მეტოქის თავდამსხმელი კარისგან ასე შორს იდგეს. რასაკვირველია, მათ ასე თამაშის უფლება ჰქონდათ, მაგრამ ასეთი რაღაც ლამაზი სანახავი არ არის. და განა მრატო ფრანგების ტაქტიკა? მსაჯობაც ცუდი იყო”.

თუმცა, კურტუას პროტესტის მიუხედავად სტატისტიკა ცოტა სხვას მეტყველებს: ფრანგებმა, რომლებიც ბელგიელთა მეკარის თქმით არ უტევდნენ, მისი კარის მიმართულებით 19-ჯერ დაარტყეს და აქედან 5-ჯერ კარის ჩარჩოში დაუმიზნეს, ხოლო ბელგიამ სულ 9-ჯერ დაარტყა და მათგან უგო ლორისს სამის მოგერიება მოუხდა.

თავისი მეკარის პოზიცია გაიზიარა „ტოტენჰემ ჰოთსპურის” მარცხენა მცველმა იან ვერტონგენმაც: „ასეთი ჩაკეტილი მეტოქის წინააღმდეგ თამაში იმედგაცრუებას იწვევს. ფრანგებს ძალიან გამოცდილი გუნდი ჰყავთ, რომელთანაც დიდი მნიშვნელობა აქვს პირველი გოლის გატანას”.

ბელგიელთა ნახევარდაცვის ვარსკვლავმა კევინ დე ბრუინმა კი მომხდარი სხვანაირად შეაფასა: „ფრანგების თამაშმა გამაღიზიანა თუ არა? არა, რადგან მე „მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელი ვარ და სულ ისეთ მეტოქეებთან მიწევს თამაში, რომლებიც სათამაშო დროის 90 პროცენტს დაცვაში ატარებენ. ასეთია ფეხბურთი. ისინი რასაც აკეთებდნენ, კარგად აკეთებდნენ. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. მოგებულ-წაგებული იმ ერთმა გოლმა გადაწყვიტა”.