გულის დაწყვეტის და უსამართლობის განცდის ნაზავია – „იუვენტუსმა“ ჯანლუიჯი ბუფონი გაუშვა.
არადა, ხუთგზის მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ აღიარებულმა ჯიჯიმ ტურინელთა მაისური 470- ჯერ მოირგო (მეორე შედეგი სერია A-ში) და 11-მატჩიანი გოლგაუშვებელი სერიით ყველა დროის რეკორდიც დაამყარა.
ციფრებზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება.
თუნდაც ის რად ღირს, რომ 2001 წელს „პარმადან“ „იუვენტუსში“ 32 მილიონ ფუნტად გადასული მსოფლიოს უძვირეს მეკარედ შეიქნა…
თუმცა, ბუფონი ციფრები არაა. არც ტიტულებია. არც უბრალოდ სეივებია. ჯიჯი ის თვალებანთებული გლადიატორია, რომელიც საკუთარი ემოციით მთელ გუნდს კვებავდა.
წარმოდგენაც ძნელია, რამდენად მყარად და იმედიანად თამაშობდნენ მცველები, რომლებსაც ზურგს უკან ასეთი ჯადოქარი ეგულებოდათ. ნაკლებად მადარდებს „იუვენტუსის“ პერსპექტივა, მაგრამ დიდი კლუბები დიად ფეხბურთელებს ასე არ ეპყრობიან.
ბუფონს თამაში ისევ უნდოდა და აგრძნობინეს, აღარ გვჭირდებიო. 17-წლიანი ერთგული სამსახურის მერე…
ბუფონი დაიკარგებოდა?
ძალიან დიდია საიმისოდ, რომ 40 წლის ასაკშიც კი მოთხოვნადი არ იყოს. თანაც, არ დაივიწყოთ, რომ დინო ძოფის ჯიშისაა.
სადმე ჩინეთში ან ყატარში კი არ წავიდა – ამბიციურ ფრანგულ და ვარსკვლავურ პსჟ-ს წლიურ 7 მილიონევროიან კონტრაქტზე მოუწერა ხელი.
ისე, ტურინში ამაზე მეტს კარიერის საუკეთესო წლებშიც არ უხდიდნენ.
მიდი, ჯიჯი! შენი ხათრით შეიძლება პსჟ-საც კი ვუქომაგო.
ახალი სეზონის დაწყებამდე კი ჯანლუიჯი ბუფონი მეუღლესთან ერთად ჩრდილოეთ იტალიაში ისვენებს