ეს ამბავი კარგა თხუთმეტი წლის წინ მოხდა გაგრაში. შავიზღვისპირეთში წინასასეზონო სამზადისისთვის ჩასული მოსკოვის „დინამო” გაგრის ნაკრებთან ამხანაგურს მართავდა. ადგილობრივ გუნდში ახალგაზრდებთან ერთად სამი თმაშეთხელებული, ჭარმაგი კაცი თამაშობდა და არცთუ ურიგოდ. ტრიბუნები განსაკუთრებით ერთ-ერთ ძიაკაცს ქომაგობდნენ. მერე სწორედ ეს ძიაკაცი მოსკოველ მცველთან ორთაბრძოლაში ჩაება. საკმარისი იყო მოეტყუებინა მცველი და მეკარე პილგუისთან ერთი ერთზე დარჩებოდა. ამაოდ იბრძოლა ძიაკაცმა, ბურთიც დაკარგა, ვერც სირბილში აჯობა შვილის ტოლ მოსკოველს და სხვა რომ ვერა გააწყო, სიცილით მაისურზე დაეკიდა. აქ ისევ ტრიბუნებმა გამოიღეს ხელი და „გოგა, გოგაო” შესძახეს. გოგა ანუ გიორგი სიჭინავა. უცნაური კაცი, უცნაური ფეხბურთელი, რომელიც ისე ჩაირიცხა თბილისის „დინამოში” ერთი მწვრთნელი რაა, ისიც კი არ ჰყოლია ხეირიანი.
მერე, გვიან, როცა გიორგი სიჭინავას საკეთებელიც მოლეული აქვს და სიმღერაც ნამღერი ფეხბურთში, დიდი ანდრო ჟორდანია იტყვის — „დიავოლ”, ასეთი ნიჭის ფეხბურთელი იშვიათად შემხვედრია, მაგრამ არც ის მსმენია თავისი ნიჭი ასე გაეფლანგოს ვინმეს.
ჰმ, საქმე? როგორ შეიძლება ქართველისთვის ფეხბურთი საქმე იყოს? პროფესიონალიზმი, უნივერსალიზმი და სხვა ამგვარი სულ „ახალ-უხლების” მოგონილია. ფეხბურთს, პირველ ყოვლისა, სიამოვნება უნდა მიენიჭებინა ქართველისთვის და განა მარტო გულშემატკივრისთვის, არა, ქართველი ფეხბურთელიც სიამოვნებას ეძებდა ამ ინგლისურ თამაშში, განსაკუთრებით კი 60-იანი წლების ქართველი ფეხბურთელი — მესხი, მეტრეველი, ბარქაია, სიჭინავა — ვინც გინდა სხვა.
მოსწონთ ჩვენში ლამაზი ბურთაობა. რომანტიკული, სამხრეთულიო — მაშინ ასე ეძახდნენ და თუ ვარდნაში იყო დასარტყმელი ქართველი მობურთალი ვარდნაში დაარტყამდა უთუოდ. „მაკრატელა”? შეძლოს და ვინ ოხერი იტყვის მაკრატელაზე უარს. ჰოდა, ამ სილამაზისმოყვარეობიდან — „პაიჭაძის ხეტიალი”, „მესხის ფინტი”, „შენგელიას რიტუალი”. და „სიჭის დრიბლინგიც” აქედან.
„სიჭი”. გიორგი სიჭინავა — რთული ფეხბურთელი და უფრო რთული პიროვნება, მეტიც, ურთიერთგამომრიცხავი თვისებებით შემკულიც კი. და მაინც, გიორგი სიჭინავა — ერთ-ერთი საინტერესო და ეპოქალური ქართველი მობურთალი.
ახლა ლეგენდასავით მოარული ამბები?! ზოგი მართალი, ზოგიც გაბუქული — „დინამო” რომ იღლებოდა, ბურთს სიჭინავა მოიგდებდა და მანამ ატარებდა, სანამ თანაგუნდელები სულს არ მოითქვამდნენო… ერთხელ სიჭინავამ ათ მეტოქესთან ერთად ყველა თანაგუნდელი მოატყუა, მერე მოწინააღმდეგის მეკარეც დააწვინა და… ბურთიანად უკან, ცენტრისკენ დაბრუნდაო… მოკლედ, თაფლი იყოს და ბუზი ბაღდადიდან მოვა, კაცი გამოირჩეს და მასზე ლეგენდის შექმნას რა უდგას წინ.
გიორგი სიჭინავას მთელი ცხოვრება ბურთთან და ფეხბურთთან იყო დაკავშირებული. აი, რომ იტყვიან, ბურთთან ერთად დაიბადაო. ზუსტად ისე, სტადიონის სახლიდან ორ ნაბიჯზე ჰქონდა, ერთი ღობე ჰყოფდა გიორგი სიჭინავას ეზოს და სტადიონს. ამიტომაც სტადიონზე ათენ-აღამებდა და თუ მინდორზე არა, პლაჟზე იყო, თუ პლაჟზე არა — ზღვაში და ასე განუწყვეტლივ.
მას არ ჰყოლია მწვრთნელი. იგი ტალანტი იყო, გულიანი ტალანტი, ერთიანად თვითნაბადი ნიჭი და თუ აღმოაჩინეს, იმიტომ, რომ არსებობდა. არარსებულს ვერ აღმოაჩენ, გინდა ანდრო ჟორდანია იყო.
ეე, სხვა დრო იდგა მაშინ. ეტყობა იმ ნეტარსახსოვარ 60-იან წლებში ჯერაც ბევრი რამე აკლდა ფეხბურთს — ტაქტიკაო, სათამაშო სქემაო, ათასი სხვა რაღაც. საკითხავი და მთავარი ის არის, ამ სიახლეებით თუ დამშვენდა „მილიონების” სიხარული. ეგებ ის დაუხვეწაობა და გაუმართაობა სჯობდა ახლანდელ ლამის მეცნიერულ დონეზე გათვლილ ფეხბურთს? ვინ იცის…
გიორგი სიჭინავას არავითარი სპეციალური სკოლა და მომზადება არ გაუვლია, ისე მოვიდა დიდ ფეხბურთში. მოვარდაო, უფრო მართალი ნათქვამი იქნება. ფარიკაობაში გატარებულმა რამდენიმე წელიწადმა გააკაჟა და გამოაწრთო მისი სხეული, თანაც სწრაფ აზროვნებას მიაჩვია. არავინ იცის, როგორი მოფარიკავე იქნებოდა იგი, ბოლომდე რომ გაჰყოლოდა სპორტის ამ სახეობას, მაგრამ იმთავითვე ჩანდა, ფარიკაობა არ იყო მისი გატაცება, ბოლომდე ვერ იხარჯებოდა მასში და ყველაზე დიდი შეჯიბრების წინაც კი გაგრაში გაიპარებოდა ხოლმე, რათა იქაურ სტადიონზე რომელიღაცა რიგითი შეხვედრა ეთამაშა. ვერც გაამტყუნებდა კაცი — ფეხბურთი გიორგი სიჭინავასთვის იგივე იყო, რაც ჰაერი. გიორგი სიჭინავას უფეხბურთობა არ შეეძლო.
ჰოდა თამაშ-თამაშით ჩამოყალიბდა დიდ ფეხბურთელად. როდესაც სიომა ბარქაიამ ანდრო ჟორდანია მის სანახავად ჩაიყვანა გაგრაში, უებრო სელექციონერის წინ უკვე იდგა ფეხბურთელი.
ამ ფეხბურთელს კი ღირსებებთან ერთად უცნაურობებიც მრავლად სჭირდა. თუნდაც სიჯიუტემდე უტეხი, თავნება ხასიათი. იგი არასდიდებით არ აკეთებდა იმას, რაც არ სურდა (მანამდე), მაგრამ ჟორდანია რის ჟორდანია იქნებოდა, „გაგრელი ფენომენი” ვერ მოეთოკა — ჯერ წყნარად, მეთოდურად, საქმის ცოდნით შეაჩვია რეჟიმს. ბოლოს კი დინამოელთაგან ყველაზე მეტად მას ტუქსავდა ხოლმე. და რაოდენ გასაკვირია, გიორგი სიჭინავა მორჩილად იტანდა მწვრთნელის რისხვას და ჩვეული თავგამეტებით ცდილობდა მინდორზე დავალება შეესრულებინა.
დიდი მწვრთნელები დიდი ფსიქოლოგებიც ბრძანდებიან. იცოდა ანდრო ჟორდანიამ ვისთან როგორ უნდა გაეტანა თავისი. თუკი მესხთან ყვირილით არაფერი გამოდიოდა, თუკი ბარქაიას ელვარე ტალანტის ჩარჩოებში მოქცევა შედეგს არ იძლეოდა, გიორგი სიჭინავას პირიქით — ყვირილისა და ბოლო ნიუანსებამდე გათვლილი დავალების გარეშე ვერაფერს გამორჩებოდა კაცი. ჰოდა უყვიროდა, მოძღვრავდა, ეფხუკიანებოდა მწვრთნელი სიჭინავას. ისიც ამის მერეღა ირჯებოდა ჩვეულად.
სიჭინავა თბილისის „დინამოში” 1960 წელს ჩარიცხეს. 1961-ში კი იგი „33 საუკეთესოს” შორის დაასახელეს. ითამაშა სსრკ ნაკრებშიც, გახდა სსრკ ჩემპიონიც, მონაწილეობდა მსოფლიო ჩემპიონატზე — ერთი სიტყვით არავითარი საფეხბურთო სიამოვნება არ დაუკლია. თამაშობდა და ტკბებოდა თამაშით.
ალბათ, მთავარი თემაც ეს არის. მთავარი ჩვენებური მობურთალებისთვის საკუთარი თამაშით სიამოვნების მინიჭება სხვებისთვის და სიამოვნების მინიჭება საკუთარი თავისთვის. ამიტომ თუ იყო, ითამაშებდნენ ქართველები ერთ, ორ, სამ, ხუთ წელიწადს და მერე ამაგდარი ბუცების ლურსმანზე დაკიდებას ეშურებოდნენ. სიჭაბუკესთან ერთად ხალისი, აზარტი, ფეხბურთით ტკბობა ქრებოდა და როცა ბურთაობა დამღლელ, საქმიან ხარისხებში გადადიოდა, ქართველები თამაშს წყვეტდნენ.
გიორგი სიჭინავას კარიერაც უდაო დასტურია ამისა — მან ითამაშა მანამ, სანამ ფეხბურთისგან სიამოვნებას იღებდა, მერეკი, ბურთის გორება საქმედ და სამუშაოდ რომ ექცა, ადგა და წავიდა. წავიდა მეტად ადრე, წავიდა ისე, როგორც უამრავი ქართველი დიდოსტატი წასულა — ზედმეტი დავიდარაბისა და ხმაურის გარეშე.
ბევრი რამ „ჩორნას” თავნება ხასიათმაც განსაზღვრა. ვინ იცის, იქნებ მისივე საფეხბურთო კარიერის სიმოკლეც, მაგრამ ახლა ამეებზე ლაპარაკი ზედმეტია. ფეხბურთელის სიდიდეს უპირველესად მაინც მისი საფეხბურთო ტალანტი და ოსტატობა განსაზღვრავს. სიჭინავას დარები კი არათუ ქართულ, მსოფლიო ფეხბურთშიც ცოტანი იყვნენ.
აქ უპრიანია ზემოთქმულის დასტურად ერთ-ერთი ინგლისელი მიმომხილველის სიტყვები მოვიტანოთ — გყავდეს სიჭინავა და არ ათამაშებდე ძალიან დიდი ფუფუნებაა. არა მგონია ამის უფლებას რომელიმე მწვრთნელი აძლევდეს თავს, მოროზოვის გარდაო.
1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი პირველიც იყო სიჭინავასთვის და უკანასკნელიც. ბოლომდე კი ვერ გამოავლინა თავისი შესაძლებლობები გაგრელმა ფენომენმა ინგლისში, მაგრამ არც ისე იყო საქმე, ნაცრისფერი მასიდან ვერ გამოერჩიათ. ის კი არა, ეუსებიოს და კოლუნას წინააღმდეგ მოუწია თამაშმა… ნაცრისფერი მასა რას გვიქვია, პელესაც ეთამაშა ერთხელ პერსონალურად…
ამგვარ რაღაცეებს კი თვითონ დიდ მნიშვნელობას აძლევდა. ფეხბურთი სწორედ ამგვარი რაღაცეებისთვის უნდოდა — იქ პელე, ეუსებიო, აქ ივანოვი, სტრელცოვი — თამაშობდა მათთან და ჰყვებოდა მათზე. თამაშობდა და ჰყვებოდა.
მოყოლაც კი ფეხბურთივით ფერადოვანი იცოდა. ერთგვარად ბიჭურ-მამლაყინწური. წვრილად ხატავდა ხოლმე ცნობილ ფეხბურთელთა პორტრეტებს, თან ფსიქოლოგიური ნიუანსებითაც ამდიდრებდა მონაყოლს. თავსაც იწონებდა ვინმესთან ნაცნობობით — ერთი სიტყვით თავისებური იყო.
ერთი მოარული ამბავიც უნდა გავიხსენოთ. ამბობდნენ თითქოს სსრკ-ბრაზილიის მოსკოვური თამაშის დროს თავდავიწყებით მოთამაშე გიორგი სიჭინავასთვის ბარქაიას ეთქვას ჩორნა, ნუ დარბიხარ, გეყო, გაჩერდი, ფეხბურთს უყურეო. სიტყვამახვილი და ქართულად ლამაზი ფეხბურთის მოყვარული სიომა ბარქაია ბრაზილიელთა ფეხბურთს გულისხმობდა. ფეხბურთის ჯადოქრების თამაშმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება დატოვა სიომაზე, მერე ისიც უთქვამს — მეგონა ფეხბურთს ვთამაშობდიო და წავიდა.
გიორგი სიჭინავა კი ამეებს არად დაგიდევდათ. იგი მინდორზე სხვების მაყურებლად ქცევას ვერ იფიქრებდა. მას ისეთი თამაში მოსწონდა სადაც თვითონ იქნებოდა პირველი ვიოლინო. ყოველ შემთხვევაში მუდამ ამას ცდილობდა. ასე იყო ზღვაზე, როცა სხვებზე შორს იწევდა ნაპირიდან, ასე იყო ფარიკაობაში, როცა „ოთხკუთხა” მოძრაობების დროსაც კი ჩემპიონობაზე ფიქრობდა, ფეხბურთშიც ასე იყო.
მაგრამ თავნება და ჯიუტმა ხასიათმა თავისი გააკეთა. სხვანაირმა, რომანტიკულმა მიდგომამ საქმისადმი.
ჰმ, საქმეო? მერე ვინ თქვა, რომ ფეხბურთი საქმეა?
გვიან კი ანდრო ჟორდანია იტყვის — „დიავოლ”, ასეთი ნიჭის ფეხბურთელი იშვიათად შემხვედრია. მაგრამ არც ის მსმენია თავისი ნიჭი ასე გაეფლანგოს ვინმეს.
1999 წლის 4 მარტი