ხორვატიამ თავისი გაიტანა და მასპინძელი რუსეთი მსოფლიო ჩემპიონატიდან გაიტანა!

120 წუთი და პენალტების სერია იმდენად ემოციური იყო, ნამდვილად არ მინდა შთაბეჭდილების სტატისტიკით გაფუჭება, თუმცა: ხორვატთა ლიდერი და კაპიტანი გუშინაც მოწოდების სიმაღლეზე იყო. ორიოდ გამონაკლისის გარდა, მოდრიჩის ყველა პასი ზუსტი იყო და რაც მთავარია, შეტევის დასაწყებად მომართული…

დღეს ცოტა ვინმეს თუ ახსოვს, როგორ დაიწყო ამ ჩია ხორვატის თავბრუდამხვევი კარიერა.

2007 წელს „ტოტენჰემის“ სპორტულმა დირექტორმა დამიენ კიმოლიმ გააანალიზა სხაობა მის კლუბსა და პრემიერლიგის „დიდ ოთხეულს“ შორის. დასკვნა ცალსახა იყო: გუნდი აშკარად ჩამორჩებოდა მეტოქის მესამედზე შედეგიანი გადაცემების რაოდენობით.

საჭირო იყო ვინმე ტექნიკური და კრეატიული. ამ ძიებამ კიმოლი ზაგრებში ჩაიყვანა, სადაც მოდრიჩი პირველად ნახა.

„საერთოდ დამავიწყდა სტატისტიკა. მე ის უბრალოდ, შემიყვარდა,“ – იხსენებდა შემდეგ კიმოლი.

„ტოტენჰემმა“ მოდრიჩი 16.5 მილიონ ევროდ იყიდა, რაც იმ დროს კლუბისთვის სარეკორდო თანხა იყო, მოგვიანებით კი საუკუნის ტრანსფერად შეირაცხა.

მოდრიჩს არასოდეს ჰქონია შთამბეჭდავი სტატისტიკა, მაგრამ გენიალურად კითხულობს თამაშს და საგოლეს წინა გადაცემებს შეუდარებლად აკეთებს.

დრაგან სტოიკოვიჩი (იუგოსლავიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი): „გამოდის ეს პატარა, ქერათმიანი ბიჭი მოედანზე და ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც მე გავაკეთებდი. ყველა კონკრეტულ ეპიზოდში უკეთესი გაგრძელების წარმოდგენაც შეუძლებელია“.

ჰარი რედნაპი: „მიეცით ბურთი ლუკას და ის აუცილებლად იპოვის რაფას (ვან დერ ვაარტს)“.

მუსა დემბელე: „წავიდა მოდრიჩი „რეალში“ და „ტოტენჰემმა“ მისი სრულფასოვანი შემცვლელი დღემდე ვერ იპოვა“.

კარლო ანჩელოტი: „იდეალური გუნდის დასახელება რომ მთხოვონ, ვერ შეგპირდებით, რომ მასში ბუფონი ან კასილიასი მოხვდებიან, მაგრამ მოდრიჩი აუცილებლად“.

დარიო სრნა: „მოდრიჩი ერთ-ერთი კი არა, საუკუნის საუკეთესო ნახევარმცველია“.

კოკე (ატლეტიკო): „რონალდუ, ბეილი თუ ბენზემა? მოდრიჩი!“.

დამეთანხმებით, უდიდესი შეფასებებია პატარა ხორვატისთვის, რომელიც, წესით, ორთაბრძოლებში გამუდმებით უნდა იჩაგრებოდეს, მაგრამ რაღაც სასწაულით აქეთ ეჩაგვრინებიან ერთი თავით მაღალი ოპონენტები.

მარტო ის რად ღირს, რომ 4-2-3-1 სქემა ჟოზე მოურინიუმ ლუკას გამო შეიყვარა და ახლა ყველა გუნდში ახალ მოდრიჩს ეძებს.

ერთხელ ზიდანმა თქვა მის შესახებ, მოდრიჩი ბურთთან ერთად იმდენად მშვიდია, ამ სიმშვიდეს მთელ გუნდს გადასცემსო. რუსეთთან გუშინდელ ნერვების თამაშში სწორედ მოდრიჩის სიმშვიდემ გაატარა ბეწვის ხიდზე ხორვატები.

ლუკას ზღაპარი ჯერ ისევ გრძელდება.

ინგლისის ნაკრების ყველა წევრს ხორვატთა ლიდერი ჩინებულად იცნობს. თუმცა, ცნობადობა ორმხრივია, რაც მორიგ დიდებულ სანახაობას გვპირდება.

წილი
წინა სტატიამთავარი თემა
შემდეგი სტატიაბაჩოს თასი ლისის ტბაზე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".