მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ნეიმარის თავგადაკლული ფანი რომ არის, გასაგებია, მაგრამ პარალელურად ბიზნესმენიცაა და მისგან ამგვარ ნაბიჯს არავინ ელოდა…
ესპანური ტელეკომპანია TVE – ს ინფორმაციით, პერესმა გუშინ პსჟ-ს ნეიმარში 310 მილიონი ევრო შესთავაზა, თავად ფეხბურთელს კი 7-წლიან კონტრაქტში წლიური 45 მილიონიანი ჯამაგირის პირობა მისცა (ბონუსებისა და პრემიალურების გარეშე).
ფული „რეალისაა“ და პერესი ისე განკარგავს, როგორც სურს, მაგრამ…
ინტერესისთვის, გვსურს, იტალიური სერია A-ს ბუღალტერიაში ჩაგახედოთ. იტალიური გრანდი „იუვენტუსის“ რამდენი ფეხბურთელი იღებს ჯამში წლიურად 45 მილიონ ევროს?
ინებეთ:
იგუაინი (7,5), დიბალა (7), დიეგო კოშტა (6), პიანიჩი (4,5), ხედირა (4), მანჯუკიჩი ( 3,5), მარკიზიო (3,5), კიელინი (3,5), გუარდადო (3,5), მატუიდი (3,5). ჯამში 1 500 000 ევროთი მეტი გამოვიდა, ვიდრე ერთ ნეიმარში. ახლა “ინტერის” სახელფასო ფონდი ვნახოთ: იკარდი (4,5), მირანდა (3), პერიშიჩი (3), ჟოაო მარიო (3), ჰანდანოვიჩი (2,5). ეს სულ 16 მილიონია და დანარჩენებს ხომ საერთოდ „ხურდა ფულს“ უხდიან…
თუმცა, კონკრეტული ფეხბურთელები რა შუაშია, როცა ერთი ნეიმარის სავარაუდო ხელფასი „ფიორენტინას“ წლიურ სახელფასო ფონდს (35 მლნ.) 10 მილიონით აღემატება და 6 მილიონით მეტია, ვიდრე „უდინეზეს“ (21) და „კიევოს“ (18) ყველა ფეხბურთელის ხელფასი ბონუსებისა და პრემიალურების ჩათვლით.
იქნებ ჩვენ ვერ ვხვდებით საფეხბურთო ბიზნესის ანბანს და გაყიდული მაისურები, საპარსი გელის რეკლამა, ხრაშუნა კარტოფილი და შამპუნი ფეხბურთში უფრო მთავარია, ვიდრე თავად ფეხბურთი?!
ამ ნიჭიერ ბიჭში ჯერ არათუ პელე-მარადონა-კრუიფი-ზიდანის სადარი, ლუიშ ფიგუ და ხრისტო სტოიჩკოვიც ვერ ვიპოვე (ზიკოსთან, სოკრატესთან და რონალდოსთან გატოლება ხომ მკრეხელობაა) გემოვნებაზე არ დავობენო. რაც ედინსონ კავანიმ ერთ მატჩში ჰქნა, ნეიმარი ფინალის ჩათვლით ან მოასწრებს, ან ვერა… აბა, დანარჩენად ფლორენტინო პერესის ფული რა ჩემი სათვლელია… ისე, რონალდუ თუ „იუვენტუსში“ გადავიდა მაშინ სხვა ამბავი იქნება და ტურინული ფულიც სხვაგვარად დაითვლება…
წილი
წინა სტატიავინ თქვა ესპანეთი გავარდაო
შემდეგი სტატიაHeil… 88 = 10 000
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".