იყო თუ არა პენალტი? რამდენად სამართლიანად დანიშნა თერთმეტმეტრიანი დარტყმა ესპანეთის კარში ანუ რუსეთის სასარგებლოდ ჰოლანდიელმა მსაჯმა ბიორნ კუიპერსმა? მოგეხსენებათ, თავიდან ესპანელები იგებდნენ, მაგრამ 41-ე წუთზე ჟერარდ პიკემ თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა. პენალტი არტიომ ძიუბამ დაარტყა და ანგარიში გაქვითა. საბოლოოდ კი პენალტების სერიაში რუსებმა გაიმარჯვეს.

„ბარსელონას” ვარსკვლავი არბიტრის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო იყო. BBC-ზე, წარსულში ცნობილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა და არანაკლებ ცნობილმა მიმომხილველმა გარი ლინეკერმა ეპიზოდი ასე ახსნა: „პიკე ცდილობდა მსაჯისთვის მკაფიოდ განემარტა, თუ რას აკეთებდა იმ მომენტში, როდესაც ბურთისთვის ახტა. და მართლაც, როდესაც ადამიანი ხტება, ის ხელებს მაღლა წევს. სხვანაირად ვერ ახტები”.

თუმცა, პიკეს ერთ-ერთმა ყველაზე ახლო მეგობარმა, სესკ ფაბრეგასმა, რომელიც ესპანელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე არ წაიყვანეს და მონდიალის დღეებში BBC-ზე ექსპერტობას შეუდგა, „ლა როხას” ცენტრალური მცველი არ გაამართლა.

„მისმინეთ, ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია, მაგრამ ამჯერად ვერ გავამართლებ”.

ფაბრეგასის მხარე დაიჭირა ვეტერანმა რიო ფერდინანდმაც, რომელიც პიკესთან ერთად ცოტა ხანს თამაშობდა „მანჩესტერ იუნაიტედში”.

„ის ჩემი ამხანაგიცაა, მაგრამ იტყუებოდა. პიკე ცდილობდა მსაჯი შეცდომაში შეეყვანა”.

არბიტრის გადაწყვეტილებას დაეთანხმა ინგლისური ფეხბურთის კიდევ ერთი ყოფილი ვარსკვლავი ალან შირერი.

„მეც ვფიქრობ, რომ ეს ხელბურთი იყო. პიკემ კარგად იცოდა რასაც აკეთებდა. როდესაც ნახტომში ბურთს თავით ვერ შეწვდა, ხელი განზრახ დატოვა აწეული, ასე მაინც რომ შეეჩერებინა. ასეთი რამის გაკეთება სიგიჟეა. ჩემი აზრით მსაჯი აბსოლუტურად მართალი იყო”.