ყველაფერი ფლორენტინო პერესმა დაიწყო, რომელიც ნაკრების მზადების დინამიკაში დამანგრეველი ძალით შეიჭრა; მას მხარი არალოიალურმა და არაეთიკურმა ხულენ ლოპეტეგიმ აუბა; და ბოლოს თავისი ნაჩქარევი გადაწყვეტილებით ლუის რუბიალესმა დააგვირგვინა — წერს ესპანური გაზეთი „მარკა” თავის სარედაქციო წერილში. თუ ვინმემ არ იცის: ფლორენტინო პერესი „რეალის” პრეზიდენტია, ხულენ ლოპეტეგი ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რომელიც გუნდს წლობით ამზადებდა და წესით უნდა ეხელმძღვანელა რუსეთში, ხოლო ლუის რუბიალესი კი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახლავთ, რომელმაც ლოპეტეგი მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ორი დღით ადრე მოხსნა თანამდებობიდან. მიზეზი: რუბიალესმა გაიგო, რომ ლოპეტეგი პერესს „რეალის” მწვრთნელობაზე დათანხმებია და რუსეთის შემდეგ „სანტიაგო ბერნაბეუზე” მიდის.

„მარკა” განაგრძობს, რომ ძალიან გულუბრყვილო უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომ ვერ მიმხვდარიყო, თუ რა ცუდად იმოქმედებდა „ლა როხაზე” მწვრთნელის ბოლოწამს გაგდება. გაზეთის აზრით, მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩატარებულ ოთხი შეხვედრის საკვანძო მომენტებში ფეხბურთელები უნიათოდ იქცეოდნენ და მკითხველს შეახსენებს, რომ ამ ოთხი თამაშიდან ნაკრებმა მხოლოდ ერთი მოიგო.

„ყველაფრის ცუდად შესრულებული თერთმეტმეტრიანებისთვის დაბრალება საკითხის გამარტივება იქნებოდა” — წერს მადრიდული გამოცემა. მისი აზრით აგრეთვე დიდი შეცდომაა ჯოხის ბოლოწამს დანიშნულ ფერნანდო იეროზე გადატეხა. „მარკა” წერს, რომ იერო ისედაც იძულებული შეიქნა მთელი ლაფი უზარმაზარი დოზით პირადად გადაეყლაპა.

„ახლა მხოლოდ ერთი რამ შეიძლება: მომხდარიდან რაიმე დასკვნა გავაკეთოთ და შინ დავბრუნდეთ. ფლორენტინო უსტვენს და ჭერს შეჰყურებს, ლოპეტეგი იქ არის სადაც უნდოდა ყოფილიყო, რუბიალესს კი მწვრთნელი ჰყავს მოსაძებნი და თავიდან აქვს დასაწყები პროექტი, რომელსაც მის გამო ბოლომდე მშვიდად მიყვანა არ ეღირსა.

გუნდი, განსაკუთრებით ბოლოში, საშინელებას ჰგავდა. ის ცუდად იყო მომზადებული, ცუდად თამაშობდა და უსუსტეს მოწინააღმდეგეს მეოთხედფინალში თამაშის უფლება აჩუქა.

პასების ერთმანეთისთვის ნელა გადაწოდება, არანაირი ინტენსიობა 1:0-ის დროს, მეორე ტაიმსა და დამატებით დროში ფანტაზიის დეფიციტი — ეს კატასტროფა გახლდათ. პენალტების დროს ესპანეთი უკვე განადგურებული გუნდი იყო, რომელსაც ამ ტიპის ლატარეის მოსაგებად საჭირო ფსიქოლოგიური ძალა აღარ ჰქონდა.

თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან ყველა მისვლა დასახვრეტად გაყვანას ჰგავდა და გუნდს მხოლოდ იმის იმედი ჰქონდა, იქნებ დე ხეას გაებრწყინა. მან კი ერთი დარტყმაც ვერ მოიგერია.

ამრიგად ესპანეთი გაემგზავრა იქ, სადაც იყო მისი ადგილი — შინ.

ფლორენტინო, ლოპეტეგი და რუბიალეს — დიდი მადლობა!

დიდიმადლობა თითოეულ თქვენგანს” — წერს „მარკა”.