კრიშტიანუ რონალდუ ვერაფერს გახდა — პორტუგალიის ნაკრები მერვედფინალში ურუგვაისთან დამარცხდა (1:2) და მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა. ამრიგად „რუსეთი-2018″ 33 წლის ვარსკვლავისთვის მესამე და სავარაუდოდ ბოლო მონდიალი იყო. საეჭვოა კრიშტიანუმ კვლავ მოინდომოს სანაკრებო ტურნირებში მონაწილეობა.
დამთავრდა თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატი პორტუგალიელთათვის, ნაკრების მწვრთნელმა ფერნანდო სანტუშმა დაუყოვნებლივ გამოთქვა იმედი, რომ რონალდუ სექტემბრიდან ერთა ლიგის შეჯიბრებაში ჩაებმება, მაგრამ თავად ფეხბურთელი გადაჭრით ლაპარაკს არ ჩქარობს:
„მომავალი? ჯერჯერობით მომავალზე ლაპარაკი ნაადრევია. რაც შეეხება პორტუგალიის ნაკრებს ის მომავალშიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება, რადგან აქ თამაშობენ მაღალი დონის ფეხბურთელები და მათთან ერთად არის ნიჭიერ ახალგაზრდათა ჯგუფიც.
ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატიდან თავაწეულები მივდივართ. როგორც პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა კარგად ვიცი რამხელა სამუშაოც გავწიეთ და ჩვენი გუნდით ვამაყობ. ჩვენ სამშობლოში ვბრუნდებით დარწმუნებულები, რომ ეს გუნდი მომავალში გაიმარჯვებს. ბედნიერი ვარ, რადგან იმ გუნდის წევრი ვიყავი, რომელიც ყოველთვის შესაძლებლობების ზღვარზე იბრძვის”.