ოთარ კიტეიშვილმა წლეულს მეშვიდე გოლი გაიტანა                                                                                        ბადრი კეთილაძის ფოტო

საინტერესო ტური გამოდგა. ჯამში 21 გოლი გავიდა და პირველი ტურის რეკორდს (22) ერთით ჩამორჩა. სამაგიეროდ, ყველაზე უხვგოლიანი მატჩის მომსწრენი გავხდით: „კოლხეთი“ – „დინამო“ ზესტაფონში 3:6 დამთვრდა.  წლეულს ერთ შეხვედრაში  9 ბურთი მანამდე არ გასულა (სარეკორდო „ჩიხურასა“  და იმავე „კოლხეთის“ პირველი ტურის შვიდგოლიანი მატჩი გახლდათ 6:1).

ზესტაფონში რამდენიმე დინამოელი გამოირჩა. დუბლი და ერთი საგოლე პასი მიითვალა კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა. ეს კიტეიშვილის მესამე დუბლი გახლდათ სეზონში.

შეცვლაზე შესულმა 19 წლის მიხეილ ერგემლიძემ მინდორზე 23 წუთი გაატარა და დროის ამ მონაკვეთში 1 გოლით და 2 საგოლე გადაცემით დაგვამახსოვრა თავი.

და კიდევ, 89-ე წუთზე მინდორზე 19 წლის პაატა კიტეიშვილი გამოჩნდა, ოთარის უმცროსი ძმა. ეს რუსთაველი ნახევარმცველის დებიუტი გახლდათ  თბილისელთა შემადგენლობაში. ამრიგად, ტრადიცია გაგრძელდა, „დინამოში“ ისევ თამაშობენ ძმები.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ლურჯ-თეთრთა ღირსებას ძმები გივი და ლევან ნოდიები, მანუჩარ და გოჩა მაჩაიძეები, ასევე არჩილ, შოთა და რეზი არველაძეები, გურამ და შოთა კაშიები იცავდნენ…

ტურის საწყის მატჩში „დილამ“ და „ლოკომოტივმა“ ერთმანეთს 5 გოლი გაუტანეს. გორელებმა 3:2 გაიმარჯვეს და უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვეს. დუბლი მიითვალეს რკინიგზელმა მამია გავაშელიშვილმა და მასპინძელთა უკრაინელმა მიკოლა კოვტალიუკმა, რომელსაც ჯამში 10 გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა დავაში საჩხერელ გიორგი გაბედავას დაეწია.

კვანძი უკვე დამატებულ წუთებში გაიხსნა. 91-ე წუთი მიმდინარეობდა, ანგარიში 2:2 იყო, როცა ლევან ყენიას წაქცევისთვის საჯარიმო დაინიშნა (ამ ეპიზოდში არბიტრმა არსენ ნონიკაშვილმა მასპინძელ გია ჩადუნელს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მინდვრიდან დაითხოვა). ყენიამ თავად დაარტყა, გორელთა მეკარე გიორგი ბეგაშვილს ბურთი ხელიდან გაუვარდა, იქვე მყოფმა ნიკა ჭანტურიამ დაამატა და გაიტანა, თუმცა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. გორელებმა სწრაფად განაახლეს თამაში, კოვტალიუკი მეკარესთან პირისპირ დატოვეს და მიკოლას გატანა არ გასჭირვებია. ეს კოვტალიუკის მეორე დუბლი გახლდათ სეზონში.

„ტორპედომ“ ზედიზედ ორი წაგების შემდეგ, „სიონს“ სტუმრად 1:2 აჯობა და სატურნირო მდგომარეობა ოდნავ გაიუმჯობესა. ქუთათურები 85-ე წუთამდე აგებდნენ, თუმცა მოახერხეს და ნამატჩევს სიონელთა მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი გაოგნებული დატოვეს.

„საბურთალომ“ ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია გააგრძელა. ამჯერად საბურთალოელთა მსხვერპლი „ჩიხურა“ გახდა.

ტურის დასკვნით შეხვედრაში „რუსთავმა“ გამოკვეთილ აუტსაიდერ „სამტრედიას“ 2:1 მოუგო. დუბლი მიითვალა რუსთაველთა ვეტერანმა ოთარ მარცვალაძემ. ეს 33 წლის ოთარის  პირველი გოლები გახლდათ სეზონში. მანამდე საქართველოს  ჩემპიონატში ბოლო დუბლი მას 2016 წლის 22 მაისს გორში დილა ზუგდიდის (3:0) მატჩისას შეესრულებინა.

საერთოდ, წლევანდელ ჩემპიონატში ფეხბურთელები 19 დუბლით გამოირჩნენ.

მორიგ ტურში ძალიან საინტერესო იქნება „დინამო“ – „დილას“ მატჩი. შემდეგ კი ეროვნულ ლიგაში ერთთვიანი შესვენება გამოცხადდება და ოთხი ქართული გუნდი ევროტურნირებზე ჩაერთვება. წარმატებები ვუსურვოთ.

XVII ტური: დილა 3:2 ლოკომოტივი, საბურთალო 1:0 ჩიხურა, სიონი 1:2 ტორპედო, კოლხეთი 3:6 დინამო, რუსთავი 2:1 სამტრედია

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
საბურთალო36247564:2979
დინამო36216973:3869
ტორპედო36209766:2569
ჩიხურა361971054:3364
დილა361712760:4063
ლოკომოტივი361281643:5544
რუსთავი368131533:4437
სიონი36872139:6531
სამტრედია36492328:8121
კოლხეთი36482426:7614

XVIII ტური

4 ივლისი: სამტრედია – საბურთალო, ტორპედო – კოლხეთი

5 ივლისი: ლოკომოტივი – რუსთავი, ჩიხურა – სიონი, დინამო – დილა

მეგოლეები: გიორგი გაბედავა (ჩიხურა). მიკოლა კოვტალიუკი (დილა) – 10, ლეანდრო რიბეირო (დილა) – 9, ოთარ კიტეიშვილი (დინამო) – 7, ბუდუ ზივზივაძე (დინამო), ლევან კუტალია (ტორპედო) – 6.