საფრანგეთის ნაკრებისა და „ატლეტიკოს” 27 წლის ვარსკვლავმა ანტუან გრიზმანმა „ფიგაროს” ინტერვიუ მისცა. როგორც ირკვევა, მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ კითხვები ჟურნალისტებმა კი არა, ფრანგმა სპორტსმენებმა დაუსვეს.

ჩოგბურთელ ჟო-ვილფრიდ ცონგას, მაგალითად აინტერესებდა რა გეგმები აქვს გრიზმანს სამომავლოდ.

„მინდა გავხდე მსოფლიოს ჩემპიონი, მოვიგო ჩემპიონთა ლიგა, შემდეგ კი სათამაშოდ აშშ-ში წავიდე. ეს გეგმა საბუთი რომ იყოს ახლავე მოვაწერდი ხელს. სხვა საქმეა, რომ ჯერჯერობით ვერ გეტყვით როდის გადავბარგდები სათამაშოდ მერიკაში. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როდის მოვიგებ ტიტულებს. ვფიქრობ, 32 ან 33 წლისა უკვე იქ ვიქნები. მინდა ტიტულების გარდა კარგი ფეხბურთითაც დავამახსოვრო გულშემატკივარს თავი”.

მოგეხსენებათ, დღეს საფრანგეთის ნაკრებს არგენტინასთან ელის მერვედფინალური მატჩი მსოფლიოს ჩემპიონატზე. გრიზმანმა თქვა:

„მსოფლიოს ჩემპიონობა მწვერვალი იქნება. შეიძლება ეს ახლავე მოხდეს ან ოთხი წლის შემდეგ ყატარში, მთავარია, რომ კარიერა ამ ტიტულის გარეშე არ დავასრულო. ამ თემით შეპყრობილი ვარ”.

რაც შეეხება მის როლს გუნდში.

„მე გუნდში რიგითი ფეხბურთელი ვარ. ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიზიკურად და მენტალურად კარგად ვარ მომზადებული. ოთხი წლის წინ, ბრაზილიაში ჯერ ახალი ვიყავი. დღეს, მოედანზე სხვებს მითითებებს ვაძლევ, ხმის ამოღების არ მეშინია. იმას კი არ ვამბობ, რომ ბოსი და ლიდერი ვარ, მაგრამ თუკი რაიმე სათქმელი მაქვს, უკან არ ვიხევ”.

გრიზმანს კარიერის ყველაზე ცუდი მომენტიც გაახსენებინეს. მისი თქმით ეს 2016 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალია, როდესაც „რეალის” კარში პენალტი ვერ გაიტანა.

„ამაზე ფიქრს მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ დავანებებ თავს. არის დღეები, როდესაც დაძინების წინ ცუდი აზრები მეძალება და სწორედ მაშინ ამომიტივტივდება ხოლმე გონებაში ეს მომენტი. მაგრამ, ასეთი რამ საუკეთესოებსაც ემართებათ და შეცდომებთან გამკლავება უნდა შეგეძლოს”.

შეგახსენებთ: ანტუან გრიზმანმა შეხვედრის 47-ე წუთზე ხარიხას გაარტყა ბურთი. შემდეგ საქმე პენალტების სერიამდე მივიდა და „რეალმა” გაიმარჯვა 6:4.

ბიატლონის ვარსკვლავმა მარტენ ფურკადმა ფეხბურთელს პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ჰკითხა. რამდენად მნიშვნელოვანია „ლურჯების” თავდამსხმელისთვის ოლიმპიური თამაშები?

„დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას. ეს ოცნების ახდენა იქნებოდა. საფრანგეთში „ევრო 2016″-ზე მივიღე მონაწილეობა. ეს დიდი განცდა იყო. თუ ოლიმპიადაზეც იგივე შევძელი, ამას რა აჯობებს. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემი რომელიმე მიზნის ასრულებას შეიძლება კარიერის დასრულებაც კი დავამთხვიო”, — თქვა გრიზმანმა.

მოგეხსენებათ, ფეხბურთელთა ოლიმპიურ გუნდებში 23 წელზე უფროსი სამი ფეხბურთელის გამოყვანაა ნებადართული.