სვენ-გორან ერიქსონი ფიქრობს, რომ ინგლისის ნაკრები უმალ ბრაზილიას მოუგებს ვიდრე მის მშობლიურ შვედეთს. შეგახსენებთ: მერვედფინალში ინგლისელები კოლუმბიას ხვდებიან და თუ აჯობებენ, მეოთხედფინალში შვედეთსა და შვეიცარიას შორის გამარჯვებულთან მოუწევთ საქმის დაჭერა.
ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის წინ, სადაც ინგლისი ბელგიას ეთამაშა, ლა მანშს გადაღმა დიდი ბჭობა იყო — ბელგიელიბს პირველი ადგილი განზრახ ხომ არ დავუთმოთ ფლეი-ოფის უფრო იოლ შტოში რომ მოვხვდეთო. შემდეგ მოხდა ისე, რომ ის მატჩი ინგლისმაც და ბელგიამაც მეორე შემადგენლობით ჩაატარა, ბელგიამ მოიგო (1:0) და ინგლისს „საოცნებო” შტო ერგო.
70 წლის ერიქსონი ამბობს, რომ თითქოსდა იოლ მხარეს მოხვედრა ინგლისელ გულშემატკივარს ტყუილად ახარებს.
„მიკვირს, რომ ინგლისში ყველა გახარებული ჩანს. მათ ჰგონიათ, რომ რაკი ბრაზილიასთან აღარ იკვეთებიან, ფლეი-ოფის სახეირო მხარეს მოხვდნენ. მე კი ასეთ შეკითხვას დავსვამ: რამდენჯერ მოუგო ინგლისმა შვედეთს ბოლო 30 წელიწადში? პასუხია მხოლოდ ორჯერ. ჩემი აზრით ინგლისელები ბრაზილიას უფრო გაუმკლავდებიან ვიდრე შვედეთის გუნდს, რომელიც ძალიან ძნელად დასამარცხებელია.
როდესაც საქმე დაცვას ეხება, შვედი თავდამსხმელები მცველებად იქცევიან და საკუთარ საჯარიმოშიც შეუძლიათ ჩამოსვლა.
მე რომ ინგლისის ნაკრებს ვწვრთნიდი, შვედეთს ოთხჯერ შევხვდით — ერთხელ წავაგეთ, სამჯერ კი თამაში ფრედ დასრულდა. ამას დაამატეთ, რომ პრინციპულ შეხვედრებში შვედები ინგლისელებს ტრადიცულად ჯობნიან”.
შემდეგ ერიქსონმა თქვა, რომ ინგლისი კოლუმბიას ალბათ მოუგებს, მაგრამ საამისოდ გარეთ საუთგეიტმა რაჰიმ სტერლინგი მარკუს რეშფორდით უნდა შეცვალოს.
„მე ველი რომ ინგლისი კოლუმბიას დაამარცხებს. მას ეს 90 წუთში შეუძლია. წესით პენალტებზე არ უნდა მიდგეს საქმე. მთავარია დაცვაში ითამაშონ კარგად.
კოლუმბიას ლაღად თამაშის შანსი არ უნდა მისცენ, რადგან მათ ისეთი ფეხბურთელები ჰყავთ, როგორიცაა მაგალითად ხუან კუადრადო, რომელსაც ერთი ერთზე ნებისმიერი მოწინააღმდეგის მოტყუება შეუძლია.
ვიმეორებ, ინგლისი იმ შემთხვევაში გაიმარჯვებს თავს თუ კარგად დაიცავს, თორემ თავდამსხმელები ისედაც ძლიერები ჰყავს და გოლს გაიტანს”.