გამეფებული, ფრთიანი, გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსაყვანი ფრაზა გახლავთ – „ფეხბურთის თამაში ყველამ ისწავლა“. ეს განსაკუთრებით ქართველებს გვიყვარს თქმა ალბანელებზე, ლუქსემბურგელებზე, მალტელებზე… მეორე მხრივ, ვუყურებ მონდიალის მერვედფინალში გასულთა სიას და თექვსმეტი ნაკრებიდან ათი ევროპულია, ოთხი სამხრეთამერიკული, ერთი ჩრდილოამერიკული (ისიც, ტიპიურ სამხრეთამერიკულს თამაშობს დღე და მოსწრება – მექსიკა) და მხოლოდ ერთია გამონაკლისი – იაპონია.
ისიც, ვაი, იაპონელთა ასეთ გასვლას, პოლონეთთან რაც გააკეთეს, სამურაები ნამდვილად არ მოუწონებდნენ. აგებდნენ, დადგნენ და ცენტრს იქითაც არ გადადიოდნენ, მხოლოდ იქითა მატჩში კოლუმბიელთა იმედად იყვნენ, თავად კი ყვითელი ბარათის მიღების შიშით ოტრთაბრძოლებსაც ერიდებოდნენ და ვისაც არ გინახავთ, თავად წარმოიდგინეთ როგორი თამაშიც იქნებოდა.
აზიას თავი დავანებოთ, აფრიკის ხუთი ნაკრებიდან ვერცერთი გავიდა მერვედფინალში. ეგვიპტის სიმაგრე მითი ყოფილა, სალაჰმა შეგვაცდინა; სენეგალი მართლა შეგვეცოდა; საწყალმა მაროკომ ექვსი ტაიმიდან ხუთი შეტევაში გაატარა და მაინც ბოლოზე გავიდა; ნიგერია ახლოს იყო; ტუნისზე რა გითხრათ, უშანსოდ დარჩა ინგლის-ბელგიასთან.
მთელი ეს ორი კვირა, რაც მუნდიალი დაიწყო, სენსაციის სუნი ტრიალებდა. არგენტინა წკიპზე იყო გავარდნასთან, ბრაზილიაც წვალობდა და გატანა უჭირდა, ესპანეთი და პორტუგალია გამძვინვარებულ ირანს ძლივს გადაურჩნენ, ბოლოს კი მაინც ყველა გავიდა. ყველა ერთის გარდა – გერმანიამ საკუთარ თავს დააბრალოს.
მგონი, იოაჰიმ ლიოვს მოეშვა ჭანჭიკები, ექსპერიმენტები დაიწყო და სანეს არწაყვანისთვისაც მოეკითხა. ლიოვს ადრეც ეტყობოდა „ლიუბიმჩიკობის“ ამბები, პრო-პოდოლსკობა, პრო-გომესობა, პრო-იოზილობა და აკი, ბოლოს მაინც ვეღარ გაუჭრა. გერმანია წინა მუნდიალის მერე ახალ სისხლს მოითხოვდა.
სასიამოვნო ტენდენცია, რაც ამ მუნდიალზეა – გუნდები ფრეზე არ თამაშობენ. მხოლოდ ხსენებული იაპონია იყო გამონაკლისი და კიდევ, დანია ჩაიკეტა საფრანგეთთან. კიდევ, შვედეთი ჩაუდგა გერმანიას ბოლო 20 წუთი, მაგრამ ეს ისეთი მომენტი იყო, ვინ არ ჩადგებოდა?!
ჩანს, კიდევ უფრო გაიზარდა ცენტრალური ნახევარმცველების როლი – აი, ართმევაც და შეტევაც რომ თანაბრად იციან. ყველაზე მკაფიო მაგალითი: ხორვატია-არგენტინა 3:0. ზოგჯერ კი სულაც მოდრიჩ-რაკიტიჩობაც არაა საჭირო, ურუგვაისა და პორტუგალიას ვარსკვლავი ცენტრალური ნახევარმცველი ბოლო 10 წელია არ ჰყოლიათ, მაგრამ ვინც ჰყავთ, ძაღლებივით დარბიან აქეთ-იქით, მიდი და აჯობე.
მერვედფინალში ყველაზე ბომბა-წყვილი საფრანგეთი-არგენტინაა. ლეო მესი – აი, ვინაა მთავარი. მესი რომ არა, როგორც გუნდი, არგენტინა მამლებთან შედარებით ინდაურია. მესია არგენტინის ნახევარმცველიც, თავდამსხმელიც და როგორც გამოჩნდა, მწვრთნელიც. ალბათ, მზარეულსაც მესი ნიშნავს.
ისე, რა ხალხია არგენტინელები. ნებისმიერ მუნდიალზე მინდორსმიღმა რაღაცეებითაც იქცევენ ყურადღებას. აი, ის ჩასუქებული კაცი, ლოჟაში რომ ზის, სულ „ფხიზელი“ რომ უყურებს თამაშებს და არაფერი გამოეპარება… ამ დროს ბრაზდებიან, რა მაგალითს აძლევს მომავალ თაობასო. კარგით რა, აიტანეთ, ფეხბურთის ღმერთია, ღმერთებს კი ყველაფერი ეპატიებათ…
საფრანგეთი მძლავრია, როგორც გუნდი. აი, ფანტაზიისა რა გითხრათ, ჩუმად მიიპარება. ჯერ ვერაფერი გავიგეთ, სუსტი მეტოქეები ჰყავდა.
ესპანეთმა და პორტუგალიამ მხოლოდ ერთმანეთში ითამაშეს მაგრად, გემრიელი 3:3 ვნახეთ და ემოციები გამოგვყვა, აი, დანარჩენ ორ მატჩში კი მოისუსტებდნენ.
და ბრაზილია, რომლისგანაც მეტს მოველოდით, მაგრამ ესეც საფრანგეთივით ხომ არ იქცევა და თავს ხომ არ ინახავს? ჯერჯერობით, პირველი კაცი კოუტინიოა, ნეიმარი კი… არ უხდება რასაც აკეთებს. რაღაც ისე თამაშობს, თითქოს პსჟ „დიჟონს“ 6:0 რომ უგებს და ბოლო წუთებია. არადა, მსოფლიოს ჩემპიონატია – ცოტა სერიოზულად, ბიჭო, ბრაზილიის 10 ნომერი ხარ.