სენეგალი გახდა მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში პირველი გუნდი, რომელიც შეჯიბრებას ფეარ-ფლეის კრიტერიუმით, მეტი ყვითელი ბარათის გამო გამოეთიშა. დამარცხების სიმწარის მიუხედავად, აფრიკული გუნდის თავკაცი ალიუ სისე თავისი გუნდით ამაყობს და ამბობს, რომ ის ვერ ეტყოდა თავის ფეხბურთელებს სხვანაირად ეთამაშათ — რამენაირად ისე მოეხერხებინათ, რომ მსაჯებს მათთვის ნაკლები ყვითელი ეჩვენებინათ.
ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში კოლუმბიასთან 0:1 დამარცხების შემდეგ სენეგალელებს და იაპონელებს ქულათა თანაბარი რაოდენობა დაუგროვდათ. კონკურენტებს ერთნაირი ჰქონდათ გატანილი და გაშვებული გოლების რაოდენობაც, გაფრთხილებები კი „ლურჯ სამურაებს” 4 აღმოაჩნდათ, ხოლო აფრიკელებს 6.
„ვერ გეტყვით ეს წესი ზედმეტად მკაცრია თუ არა, მაგრამ მე ჩემს მოთამაშეებს ნამდვილად ვერ ვეტყოდი იმ მომენტებში, როდესაც ყვითელი ბარათები მიიღეს, ორთაბრძოლაში შესვლის ნაცვლად ამხტარიყვნენ. რას ვიზამთ, ასეთია ფეხბურთის წესი, რომელსაც ფეარ-ფლეი ჰქვია და ჩვენ იძულებული ვართ მას დავემორჩილოთ. მეორე მხრივ, თუ გავარდნა იყო, ჯობდა სხვანაირად გავვარდნილიყავით”.
სისემ ზოგადად აფრიკულ გუნდებზეც ილაპარაკა და ხაზი გაუსვა, რომ მართალია ჯგუფური ეტაპიდან ერთიც ვერ გავიდა, მაგრამ მათი გამოსვლა მოსაწონი იყო.
„აფრიკული ფეხბურთი დიდი პროგრესის გზაზეა. ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ არჩეული მიმართულებით მუშაობა და მწამს მომავალში დიდი წარმატებები გველის”, — თქვა სისემ.