საფრანგეთის ნაკრების მცველი სამუელ უმტიტი ბარსელონელი თანაგუნდელის, ლეო მესის მიმართ უდიდესი სიმპათიით არის განწყობილი, მაგრამ ხვალ, ყაზანში, არგენტინის ნაკრებთან მერვედფინალურ შეხვედრაში მასთან დაპირისპირება მოუწევს.
უმტიტი უკვე ორი წელიწადია რაც მესისთან ერთად „ბარსელონაში” თამაშობს. არგენტინის წინააღმდეგ ის ძირითად შემადგენლობაში იქნება, მითუფრო, რომ დანიასთან ჯგუფის ბოლო შეხვედრაში დიდიე დეშამმა რამდენიმე წამყვან ფეხბურთელთან ერთად დაასვენა.
„ბარსელონაში მესის ყოველდღე ვხედავ. მისი შეჩერება უძნელესი საქმეა. მას საოცარი თვისებები აქვს. რასაკვირველია, ჩვენ შევეცდებით წინ აღვუდგეთ, მაგრამ არგენტინის ნაკრებში ის ერთადერთი ვარსკვლავი არ არის. მათ სხვა თავდამსხმელებიც ჰყავთ”, — თქვა უმტიტიმ.
და მაინც არის განსხვავება. მესის „ბარსელონაში” ლუის სუარესი შეტევის უმარავ გაგრძელებას სთავაზობს, ნაკრებში კი ის უფრო მეტად არის თავის თავზე დამოკიდებული. „ალბისელესტეში”, მას ხშირად გონსალო იგუაინთან ერთად ათამაშებენ, იგუაინს კი ბოლო რვა სანაკრებო შეხვედრაში გოლი არ გაუტანია.
საერთაშორისო პრესა მიიჩნევს, რომ მესის ნაკრებში კიდევ ერთი პრობლემა აქვს — ფსიქოლოგიური ტვირთი, რომელსაც საკუთარი ერი აკისრებს. ამბობენ, რომ 31 წლის ვარსკვლავისთვის ეს სავარაუდოდ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატია და ამტომ ის ვალდებულია გაიმარჯვოს.
უმტიტი განაგრძობს: „ლეო არგენტინაში სხვანაირად თამაშობს, „ბარსელონაში” კი სხვანაირად. მას გარშემო სხვა ფეხბურთელები ჰყავს და თამაშის სტილიც განსხვავებულია. თუმცა, რამდენჯერმე გუნდი გადაარჩინა. არგენტინელები მისგან ბევრს ითხოვენ, მაგრამ მესი ყველაფერს მარტო ვერ გააკეთებს”.