მოსკოვის „ლუჟნიკებზე“ მისულმა 78 ათას ქომაგზე მეტმა გუშინ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის პირველი უგოლო ფრე იხილა და მსაჯის სასტვენთან ერთად სტვენით შეაცილა გასახდელში საფრანგეთისა და დანიის ნაკრებები.

უსახურმა ფრემ ორივე გუნდი მერვედფინალში გაიყვანა. თითქოს ფრანგებისთვის არაფერი, მაგრამ დანიური ფეხბურთის ისტორიაში კი ჩაიწერა – ამ ქვეყნის ნაკრებმა 20-წლიანი პაუზის შემდეგ ისევ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფის საგზური და კარში ისევ შმეიხელი იდგა!

პეტერ და კასპერ შმეიხელების ბიოგრაფიებში თანხვედრა სხვაც არაერთი იყო: ინგლისურ პრემიერლიგაში ორივეს დებიუტი 27 წლის ასაკში შედგა და ჩემპიონობა პირველად ორივემ 29 წლისამ მოიპოვა. ერთი ეგ იყო, პეტერმა ინგლისური კარიერა „მანჩესტერიდან“ დაიწყო, კასპერმა – „ლესტერთან“ ერთად ელიტაში გზა ჩემპიონშიპიდან გაიკვალა.

გოლი ორივეს აქვს გატანილი: მამამ უეფას თასზე რუსულ „როტორს“ უთავაზა, შვილმა კი ინგლისშივე „იოვილთან“ ივარგა.

მართალია, კასპერი მამას საკლუბო ტიტულებით ვერ გაუტოლდება, მაგრამ სანაკრებო რეკორდი უკვე მოუხსნა – დანიის ეროვნულ გუნდში პეტერს 470-წუთიანი გოლგაუშვებელი სერია ჰქონდა, კასპერმა კი დანიელთა კარი “მშრალად” ზედიზეფ 571 წუთი შეინახა.

უმთავრესი განსხვავება: პეტერ შმეიხელი მუდმივად ამაყობს შვილით და არ იღლება მასზე საუბრით, კასპერ შმეიხელს კი ყველაზე მეტად მამასთან შედარება და მასთან დაკავშირებული კითხვები აღიზიანებს.

არა უშავს. ამით არც პირველის სიდიადეს და არც მეორის პერსპექტივას მისხალი არ აკლდება.

წილი
წინა სტატიაკოუტინუ პელეა?
შემდეგი სტატიადაიმსხვრა
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".