ირანის ნაკრების პორტუგალიელი მწვრთნელი კარლუშ კეირუში განრისხდა, რადგან მისი გუნდისა და მისი სამშობლოს გუნდის შეხვედრაში მსაჯმა კრიშტიანუ რონალდუ მოედნიდან არ გააძევა. რომ გაეძევებინა, პორტუგალიის ეროვნული გუნდი, რომელსაც კეირუში როგორც პატრიოტი წესით უნდა გულშემატკივრობდეს, მერვედფინალში მთავარი ვარსკვლავის გარეშე დარჩებოდა, მაგრამ დიდი მატჩის ოხშივარში გახვეული მწვრთნელისთვის ეს, როგორც ჩანს, სულერთი იყო.

„როდესაც ფეხბურთელი მეტოქეს იდაყვს ურტყამს, ის უნდა გააძევონ, — თქვა ირანელთა 65 წლის თავკაცმა, — ჩვენ გვაქვს თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც მილიონობით დოლარი ღირს და იმას ვერ ვარკვევთ მიარტყა ვინმემ ვინმეს იდაყვი თუ არა? ის რაც რონალდუმ გააკეთა ყვითელს იმსახურებდა? ამას სერიოზულად მეუბნებით?”

ირანისა და პორტუგალიის ნაკრებმა გუნდებმა 1:1 ითამაშეს.

ეპიზოდი, რომელმაც კეირუში განარისხა მეორე ტაიმში რონალდუსა და მორთეზა ფირალიგანჯის ორთაბრძოლის დროს მოხდა. პარაგვაელმა მსაჯმა ენრიკე კასერესმა გამეორება ეკრანზე ნახა და ევროპის ჩემპიონთა კაპიტანი ყვითელი ბარათით დასაჯა. კეირუში კი ვერ ცხრებოდა:

„როგორ შეიძლება ხუთ მსაჯს ვერ დაენახა რა მოხდა სინამდვილეში? წესი მესისთვისაც და რონალდუსთვისას წესია. ვითომ რონალდუს იდაყვი სხვისი იდაყვისგან რამეთი განსხვავდება?”

ირანელთა თავკაცმა ვიდეორეფერის გამოყენებისას სამომავლოდ მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდა.

„მინდა ვიცოდე ვინ იღებს გადაწყვეტილებას. ვინ მართავს პროცესებს. ამ საკითხში ყველაფერი ნათელი უნდა იყოს. ეს იგივეა: უნდა ვიცოდე გავხდები თუ არა პაპა და არა ის, რომ ჩემი ქალიშვილი ცოტა ფეხმძიმედაა”.

კეირუშის თქმით ხალხს უნდა ესმოდეს რას ლაპარაკობენ არბიტრი და მისი ვიდეო ასისტენტები ერთმანეთში.

„ფეხბურთი სახალხო თამაშია”, — დასძინა მან.