
ყველაფერს სიდნეიში ეპასუხა. 11 ივლისს, ბრისბენში, ცამეტკაცა რაგბის ელიტარული, “სთეით ოფ ორიჯინ”-სერიის ბოლო მატჩი გაიმართება, რომელსაც სპორტული ინტერესი ვეღარ ექნება: ახალი სამხრეთ უელსის ნაკრებმა 24 ივნისს სერიის მეორე მატჩიც მოუგო ქუინზლენდის ნაკრებს და წლის უდიდეს საცამეტკაცო მოვლენას გამარჯვების ბეჭედი დაასვა. გასაგებია, რომ ეს რაგბია, თამაში, სადაც ქულები ყველაფერი არ არის და თითოეულ გამარჯვებას ფასი ადევს, მითუფრო, როცა მატჩის რეპორტაჟი 91 ქვეყანაში გადაიცემა და სტადიონზე ქომაგი ერთმანეთს თავზე აზის, მაგრამ მაინც…
მეორე თამაში 82223 მაყურებლით პირველზე ცეცხლოვანი გამოვიდა. უსიკვდილოდ მოსაგებად მომართული ქუინზლენდი საწყისი წუთებიდანვე მიეტევა “ლურჯებს” და მე-9 წუთზე დეინ გაგაიმ ლელო დადო, თანაგუნდელთაგან მილოცვებისგან მხრები და თავი აუხურდა და ოჰ, ეს წყეული ვიდეორეფერი! – მონაგარი გაუუქმეს, თანაც სამართლიანად. “შინდისფრები” გაცეცხლდნენ, კიდევ მიაწვნენ და მე-13 წუთზე ვალენტინ ჰოლმსის ფლანგური რეიდით მაინც გახსნეს ანგარიში. ესეც არაფერი: იმავ გაგაიმ, სალელოე ზონის ზუსტად იმავე წერტილში, სადაც მატჩის დასაწყისში გარჯა არ დაუფასეს, მე-20 წუთზე ეფექტური ნახტომით მაინც დადო თავისი ლელო და ვიდეოს ერთხელაც მოშველიების მიუხედავად, ამჯერად მისი გაუქმება ვერ გამოვიდა.
პირველ თამაშშიც ასე მოუვიდა ქუინზლენდს: დიდებული წუთები ჩაატარა და მოეშვა. ახალი სამხრეთ უელსის მთა-ბორცვებზე გაზრდილმა ყმაწვილებმა კარგად იგრძნეს გარდატეხის მომენტი, კუნთები უფრო მოიმარჯვეს, სიჩქარეს უმატეს და ხუთ წუთში ერთი ლელო გაქვითეს (ავტორი: ჯოშ ედო-ქარი), რასაც 30-ე წუთზე ქუინზლენდელთა სალელოე მოედნის სიახლოვეს ბურთის შეგორების და უბურთო მორაგბის დაბლოკვის ფრიად უსიამოვნო ეპიზოდი მოჰყვა. ბოიდ კორნერმა საჯარიმო ლელოს ავტორობა მიითვალა და ზუსტი გარდასახვის შემდეგ პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში მაინც ახალ სამხრეთ უელსელთა სასარგებლოდ ჩამოიქნა – 12:10.
მეორე ტაიმის დასაწყისში კაცნაკლულ ქუინზლენდს ლატრელ მიჩელმაც უთავაზა ერთი ლელო (50-ე წთ.), ჯეიმს მელონიმ ეს მორიგი გარდასახვაც ერთობ მახვილი კუთხიდან უზადოდ შეასრულა და “შინდისფერებს” კატასტროფის კონტურები გამოეკვეთათ (10:18). არ გატყდნენ, ბუნებრივია. 63-ე წუთზე უილ ჩემბერსმა კარგა ხუთი მეტრი ისრიალა მუცელზე და თამაშს ინტრიგა დაუბრუნა, მაგრამ ეს იყო და ეს – დაშრა ქულათა წყარო და დასკვნით 17 წუთში ვუყურეთ ჯახს, ძიძგილაობას, გაწევ-გამოწევას, უამრავ ეფექტურ კომბინაციასაც, მაგრამ სალელოე მოედანი და ძელთაშორის სივრცე თამაშის ბოლომდე დახშული დარჩა. წელს თავიანთ ფესვებს გამარჯვებით “ლურჯები” დაბრუნდნენ (18:14).
