ესპანეთის ნაკრების მწვრთნელს ფერნანდო იეროს პრეს-კონფერენციაზე ჰკითხეს ხომ არ აპირებს მაროკოსთან უფრო ათლეტური გუნდით თამაშს და საერთოდაც, ხომ არ გადახედავდა სამომავლოდ „ლა როხას” სტილს.

„კუნთები მოედნის ცენტრში? არა, კუნთები ჩვენი საქმე არ არის… ჩვენ სხვა უპირატესობა გვაქვს და ეს კუნთები არ გახლავთ. გულწრფელად გეუბნებით, ჩვენ თამაშის საკუთარი სტილი და მისი შესაბამისი ფიზიკური მომზადება გვაქვს, აქცენტის კუნთებზე გადატანა კი სიკეთეს არ მოგვიტანს.

ჩვენი პრინციპი გუნდური თამაშია — ერთად ვუტევთ და ერთად ვიცავთ თავს. ამით მეტოქეებს მანევრირების საშუალებასა და ჩვენი კარისკენ იერიშის წამოწყების საშუალებას ვუზღუდავთ. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მთავარია ის, თუ რისი გვწამს თავად და არა ის, თუ რას გეგმავს მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელი”.

მაროკოს ნაკრების შესახებ: „მაროკო ძალიან კარგი გუნდია, რომელმაც პორტუგალიასთან მშვენივრად ითამაშა. მაროკოელებს მოძრავი გუნდი ჰყავთ, მაგრამ ჩვენ გამარჯვებას ვგეგმავთ. გვინდა ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდეთ”.

ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ ესპანეთის ნაკრებისა და „რეალის” ვარსკვლავზე ისკოზე. იერომ თქვა: „ისკო გუნდს კლასს მატებს, ის მებრძოლია, მეტოქეებთან ერთი ერთზე ძლიერია, კარგად მანევრირებს ხაზებს შორის. მისთვის კონკრეტული პოზიციის მინიჭება ძნელია”.

რაც შეეხება მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე მოხშირებულ სიურპრიზებს, როდესაც თითქოსდა სუსტი გუნდები ძლიერებს ტოლს არ უდებენ.

„ეს არის გათანაბრების მსოფლიო ჩემპიონატი. ყველა გუნდი კარგად თამაშობს. საბედნიეროდ, ფეხბურთი ყველგან განვითარდა, რაც ჩვენი სახეობის დიდი მიღწევაა”.

ესპანეთი მაროკოსთან დღეს, 22 საათზე, კალინინგრადში თამაშობს.