მაუწყებელ beIN Sports იძულებული გახდა საჯარო ბოდიში მოეხადა. მიზეზი: მისმა ჟურნალისტმა, ყოფილმა ფეხბურთელმა გრეგორი პეისლიმ ისეთი რამ თქვა, რაც რასისტულ გამონათქვამად ჩაითვალა. საქმე ეხება ნიგერიისა და ისლანდიის შეხვედრას, რომელიც აფრიკელებმა 2:0 მოიგეს.

როგორც ამბობენ, ნიგერიის ნაკრებისა და „ლესტერ სიტის” მოთამაშის ვილფრედ ნდიდის შესახებ რეპორტიორმა თქვა, მან ბანანია უნდა ჭამოსო. ბანანი კი არა, ბანანია — შოკოლადიანი სასმელი, რომელიც ფრანგულ კოლონიალიზმთან ასოცირდება.

ბანანიას ამბავი 1914 წელს იღებს სათავეს. მომხმარებელს მას აცნობდნენ როგორ ჯანზე მომყვან სასმელს და იყენებდნენ სარეკლამო ლოზუნგს: Y’a bon Banania, რაც თავისთავად „ინებეთ კარგი ბანანია” თუ რაღაც ასეთს ნიშნავს — მოკლედ, დიდი არაფერი.

თქვა თუ არა გრეგორი პეისლიმ ნდიდიმ ბანანია უნდა სვასო, სოციალურ ქსელებში ერთი ამბავი ატყდა. მრავალთა აღშფოთებამ beIN Sports-ის ხელმძღვანელობა აიძულა ბოდიში მოეხადა, გამოეთქვა წუხილი, რომ მის ეთერში რასისტული ფრაზა გაისმა და ასე შემდეგ. არადა პეისლი, რომელიც თავის დროზე „პარი სენ ჟერმენსა” და „ნიცაში” გამოდიოდა ხალხის რეაქციით გაოცებული დარჩა. მან თქვა:

„დიახ, ბანანია ვთქვი. ასევე შეიძლებოდა მეთქვა „პულანი”, „ნესკვიკი”, „ბენკო” ან რამე სხვა. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი სენეგალელია, ასე რომ აფრიკელებზე აუგს უბრალოდ ვერ ვიტყოდი”.

მაგრამ ვინ გიგდებს ყურს.