ჩემთვის მოდრიჩი მკვდარია – ეს სიტყვები ხორვატ ჟურნალისტს ეკუთვნის, რომლის მონათხრობიც ხორვატული ფეხბურთის არცთუ ნათელ კუნჭულებში შეგახედებთ:
– მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ბრაზილიელებთან მატჩის შემდეგ ლუკა მოდრიჩმა მაისური ქომაგებში ისროლა და მე დავიჭირე. ჩემს ოთახში მეკიდა, შარშან კი გადავაგდე. რატომ? ცოტა გრძელი ისტორიაა. წლების მანძილზე ხორვატულ ფეხბურთს რუხი კარდინალი ზდრავკო მამიჩი მართავდა – ზაგრების „დინამოს“ პრეზიდენტი. იმდენი მოახერხა, ფედერაციის სათავეში საკუთარი მარიონეტი დავორ შუკერი დასვა, ჟურნალისტები დააშინა და ქომაგების დიდ ნაწილს „შავ სიაში“ შეტანით სტადიონზე შესვლაც კი აუკრძალა. სერიოზული მფარველები ჰყავდა ხელისუფლებასა და სასამართლო სისტემაში.
ბოლოს მაინც დაიჭირეს – თავის დროზე ლუკა მოდრიჩის „ტოტენჰემში“ და დეიან ლოვრენის „ლივერპულში“ ტრანსფერებიდან 15 მილიონი ევროს მითვისების გამო.
მამიჩს ექვსნახევარი, მის ძმა-აგენტს ხუთი, ფედერაციის აღმასრულებელ დირექტორს კი სამი წელი მიესაჯა. მამიჩი ბოსნიაში გაიქცა. სწორედ ამ გაქცევის შემდეგ ბრალდების მოწმე ლუკა მოდრიჩმა ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ არაფერი ახსოვს.
გულშემატკივართა აღშფოთება იმდენად დიდი იყო, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ბოიკოტის იდეაც გაჩნდა. 300-ზე მეტი ბილეთიანი ქომაგი რუსეთში მართლა არ წამოვიდა. მათ სპეციალურად დაუკვეთეს მოდრიჩის 10-ნომრიანი მაისურები წარწერით „არ მახსოვს“. მე ჟურნალისტი ვარ, მაგრამ არა იმ დღეებში, როცა ჩემი ნაკრები თამაშობს. მაშინ მხოლოდ ქომაგი ვარ და მოდრიჩის გოლიც გამიხარდება, მაგრამ ნაკრების და არა მისდა წილად. ჩემთვის ლუკა მოდრიჩი მოკვდა! „არ მახსოვს!“