სასაცილო ამბავია. როდესაც ჰარი კეინმა ტუნისის ნაკრებს თამაშის მიწურულს გამარჯვების გოლი გაუტანა, სიხარულისგან მოედანს გარეთ გავარდა სადაც თანაგუნდელები გამოეკიდნენ და შემოახტნენ. ერთადერთი ინგლისელი, რომელიც მოედანს გაღმა არ გასულა, თანაგუნდელებს არ შეუერთდა და ცენტრში, ოღონდ ტუნისელთა ნახევარზე დადგა კირან ტრიპიერი იყო.
დაახლოებით ასეთივე რაღაც მოხდა პორტუგალიისა და ესპანეთის შეხვედრაშიც, როდესაც კრიშტიანუ რონალდუმ ჯარიმით გაათანაბრა ანგარიში. პორტუგალიელთა ლიდერი მოედანს გარეთ გავარდა, სადაც ყველა გაჰყვა ჟოზე ფონტეს გარდა. ის ხაზს გადმოღმა გაჩერდა.
თურმე რაშია საქმე: დაირხა ხმა, რომ ფიფას წესების თანახმად გოლის შემდეგ თამაში გრძელდება მაშინ, როდესაც გოლის შემგდები გუნდის ფეხბურთელები მეტოქის ნახევარზე აღარ არიან. ახლა წარმოიდგინეთ, რომ გამტანი გუნდის ყველა ფეხბურთელი სადღაც სარეკლამო დაფებთან გავარდეს და ზეიმი იქ მოაწყოს. გამოვა, რომ ისინი მეტოქის ნახევარზე აღარ არიან და თეორიულად გუნდს, რომელმაც გოლი გაუშვა შეუძლია ბურთი ცენტრში დადოს, გაათამაშოს და სადღაც გადახვეწილი მეტოქის კარში შეაგდოს. სწორედ ამისგან იცავდნენ თავიანთ გუნდებს ტრიპიერი და ფონტე.
არადა ფიფას წესებში სულ სხვა რამ წერია: თამაში შეიძლება განახლდეს მაშინ, როდესაც გარდა იმ ფეხბურთელისა, რომელიც ცენტრში ბურთს ფეხს გაჰკრავს, მისი ყველა თანაგუნდელი თავის ნახევარზე უნდა იყოს.
„ძალიან კარგი. თუ ასეა, მაშინ შემდეგზე ყველანი მოედნის გარეთ გავვარდებით და იქ ვიზეიმებთ”, — თქვა ჟოზე ფონტემ.