რას არ გაიგებ კაცი! სერხიო რამოსმა ლეო მესიზე თქვა ყველა დროის საუკეთესო არგენტინელია, დიეგო მარადონას გაცილებით ჯობიაო. არადა, „რეალისა” და „ბარსას” დაპირისპირებიდან გამომდინარე რამოსი ასე რომც ფიქრობდეს, თითქოს არ უნდა ამბობდეს, არა?

თურმე რაშია საქმე: მარადონას უთქვამს რამოსი ნამდვილი ლიდერი არ არის, მაგას დიეგო გოდინი მირჩევნიაო. ჰოდა, რამოსის კონტრშეტევამაც არ დააყოვნა.

„არგენტინაში ყველამ კარგად იცის, რომ დიეგო მარადონა სინათლის წლებით ჩამორჩება ამ ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელს ლეო მესის”, — თქვა ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა.

რაც შეეხება ირანის ნაკრებთან გამარჯვებას.

„გვიხარია, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით წინ. ახლა ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა უნდა ვცადოთ. ამ ეტაპზე ჩვენი მიზანი ეს არის. აგრეთვე, ვფიქრობ ჩვენ შეგვიძლია ყველა ასპექტში მოვუმატოთ”, — აღნიშნა რამოსმა, რომელსაც ირანელთა ზეიმიც გაახსენეს. 63-ე წუთზე საეიდ ეზატოლაჰიმ ესპანელებს გოლი გაუტანა, რის გამოც ირანელებმა დიდი ზეიმი მოაწყეს. მათ არც თანამსაჯისთვის შეუხედავთ, რომელმაც ალამი აღმართა და ერთიხანობა არც არბიტრისკენ იყურებოდნენ, რომელიც ვიდეორეფერისთან არჩევდა ეპიზოდს. საბოლოოდ დადგინდა, რომ გოლი თამაშგარედან გავიდა და არ ჩაითვალა.

„ეპიზოდის შეფასებაში ფაქტობრივად ყველა ჩაერთო. ამიტომ ჯობია სიმშვიდე შეინარჩუნო, რადგან არსებობს ვიდეორეფერი, რომელიც ბევრ რაღაცას განსაზღვრავს”, — დასძინა რამოსმა.