ვატუტინკიში, გერმანიის ნაკრების ბაზაზე შეკრებილ ჟურნალისტებს მანუელ ნოიერთან პრეს-კონფერენციის ცდა მოუხდათ. მსოფლიოს ჩემპიონთა მეკარემ მთელი 50 წუთით დაიგვიანა. მიზეზი: ფეხბურთელები საგანგებო თათბირზე იყვნენ, რომელიც დიდხანს გაგრძელდა.
ნოიერმა ბოდიში მოიხადა: „მაპატიეთ დაგვიანებისთვის! დამატებითი კრება გვქონდა, რომელიც გაჭიანურდა. ეს იყო გამოსაფხიზლებელი თათბირი. ჩვენს გუნდში ისეთი ინტენსიური და საქმიანი საუბრები მექსიკასთან დამარცხების შემდეგ რომ არის, ადრე არასდროს ყოფილა. ეს კარგის ნიშანია. ამ საუბრებში ბევრი ფეხბურთელი აქტიურობს. ვილაპარაკეთ იმის შესახებ, თუ რა გვაქვს გასაუმჯობესებელი. მექსიკასთან წაგების შემდეგ სერიოზული კრიტიკა შეგვხვდა, მაგრამ ჩვენ თავად გახლავართ საკუთარი თავის ყველაზე მკაცრი კრიტიკოსები. საკუთარ თავზე გაბრაზებულები ვართ. იმ ფეხბურთმა, რაც მოედანზე ვაჩვენეთ გაგვაწბილა”.
პასუხისმგებლობის შესახებ ბუნდესნაკრების მეკარემ თქვა: „ჩემი აზრით პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება. უპირველეს ყოვლისა ფეხბურთელებს. ჩვენ ბევრი გამოცდილი მოთამაშე გვყავს, რომლებიც ვალდებულები არიან მთელი სიმძიმე იტვირთონ და საკუთარი სურვილით აკეთებენ კიდეც ამას. მთავარიც სწორედ ეს არის. ჩვენ მატჩის შემდეგ ავტობუსშივე ბევრი ვილაპარაკეთ. ბევრს ვლაპარაკობთ სასადილოში ყოველი შეხვედრის დროს. ვცდილობთ ვიპოვნოთ ის მოსაზრებები, რაზეც ყველანი ვთანხმდებით”.
„შპორტ ბილდი” წერს, რომ პასუხისმგებლობაზე ლაპარაკისას ნოიერი უპირველეს ყოვლისა ჰუმელსს, ბოატენგს, ხედირას, კროოსს, მიულერს და იოზილს გულისხმობდა.
იოაჰიმ ლიოვის შესახებ კი გოლკიპერმა თქვა: „მწვრთნელმა კარგად იცის, თუ რა მდგომარეობაა გუნდში, მაგრამ ახლა ყველაფერი ჩვენზე, ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ის, რის გამოც ძლიერი გუნდი გვქვია. მოედანზე ახალი გუნდი ხომ არ დგას. ვიცით, რომ უკეთ შეგვიძლია თამაში. ამას შვედეთთან დავამტკიცებთ”.
შვედეთთან გერმანელები შაბათს, 23 ივნისს, 22 საათზე, სოჭში თამაშობენ. ოცდასამშივე, 19 საათზე, როსტოვში კორეა მექსიკას ხვდება.