ყოფილმა არგენტინელმა ვარსკვლავმა, მსოფლიოს სამი ჩემპიონატის მონაწილემ ერნან კრესპომ, არგენტინისა და ისლანდიის ნაკრებთა ფრის (1:1) შემდეგ თქვა: „ლეო მარადონა არ არის. მას არ შეუძლია მარტომ მოიგოს მსოფლიოს ჩემპიონატი. მესის შეუძლია ორ მეტოქეს გასცდეს, დიეგომ კი ინგლისთან ხუთი ჩამოიტოვა. ხვდებით განსხვავებას?”

ერნან კრესპო

კრესპომ იტალიური La Gazzetta Sportiva-სთვის მიცეულ ინტერვიუში თემა ასე განავრცო: „მესი რომ მარადონა არ არის და მარტოს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება არ შეუძლია დროა მთელმა არგენტინამ და მისმა თანაგუნდელებმა გაიგონ. ის მაშინ არის ფენომენალური როდესაც სწორ გარემოში მოათავსებენ, როგორც ეს „ბარსელონაშია”. ყველა სხვა შემთხვევაში ვერ ბრწყინავს”.

ერნან კრესპომ „ალბისელესტეს” შემადგენლობაში 64 შეხვედრაში 35 გოლი გაიტანა. მან განაგრძო: „ვინ დაეხმარა ლეოს ისლანდიასთან შეხვედრაში? დი მარია თავის მეურვეს ერთხელაც ვერ დაუსხლტა. ცენტრალურმა ნახევარმცველებმა ვერ ივარგეს. იმ დღეს არგენტინამ გუნდური ფეხბურთი ვერ ითამაშა. ყველანი იდგნენ და მესის ელოდნენ, მაგრამ ერთი კაცისთვის მთელი პასუხისმგებლობის დაკისრება შეუძლებელია”.

კრესპო კარიერის განმავლობაში თამაშობდა „რივერ პლეიტში”, „პარმაში”, „ლაციოში”, „ინტერში”, „ჩელსისა” და „მილანში”. მეტსახელად მას ვალდანიტოს ეძახდნენ. ის ამბობს, რომ არგენტინელთა მწვრთნელის ხორხე სამპაოლის ადგილზე შეეცდებოდა მოეფიქრებინა ხერხი, რომლის წყალობითაც მესი მეურვესთან ერთი ერთზე დარჩებოდა.

„ლეოს ასე შეუძლია უპირატესობის მოპოვება, არგენტინის ნაკრების ტაქტიკა კი სამწუხაროდ ასეთია: მესი ყველას წინააღმდეგ, დანარჩენები კი დგანან და უყურებენ”, — დასძინა მან.

კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის შედარებისას კრესპო ასეთ ანალიზს აკეთებს: „კრიშტიანუ თავისთვის თამაშობს. ის ღონიერია, დარბის, არტყამს, გოლები გააქვს. მესის კი იმისათვის რომ მესი იყოს გუნდი სჭირდება. მაგალითად, ლეო პორტუგალიის ნაკრებში რომ ათამაშოთ, ის კონტრშეტევებზე გახდება ძალიან საშიში. არგენტინის პრობლემა ისაა, რომ მეტოქეები სივრცეებს კეტავენ და მიზანს აღწევენ. სწორედ ეს ბარიერია გადასალახი”.