ესპანეთისა და პორტუგალიის საუცხოო შეხვედრის შესახებ (3:3) მატჩის შემდეგ მისმა მონაწილემ ჟერარდ პიკემ ილაპარაკა. მოგეხსენებათ, პორტუგალიელთა სამივე გოლი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა, რომელთაგან მესამე იმ ჯარიმის შედეგი იყო, პიკეს მიერ მისი წაქცევისთვის რომ დაინიშნა.

„ჩვენ მეტი მომენტი გვქონდა, პორტუგალიას კი სულ სამი და სამივე გაიტანა. არადა ფაქტია, რომ მთელი თამაში ცალკარა იყო.

როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში, მეორე წუთზე შენს კარში პენალტს ნიშნავენ და მეტოქე წინ გადის, მაგრამ შემდეგ ის ხდება, რაც ვნახეთ, მოედანი კმაყოფილმა უნდა დატოვო.

კრიშტიანუ კი სულ უმიზეზოდ გაწოლისკენ არის მიდრეკილი”, — თქვა პიკემ, რომელმაც ის ჯარიმაც ეჭვქვეშ დააყენა, რომლის წყალობითაც რონალდუმ პორტუგალიას ქულა გადაურჩინა.

შემდეგ ბარსელონელმა კბილებით დაიცვა თანაგუნდელი, მეკარე დავიდ დე ხეა. არადა, „მანჩესტერ იუნაიტედის” გოლკიპერის უხეში შეცდომა რომ არა, რონალდუ მეორე გოლს ვერ გაიტანდა.

პიკემ თქვა: „დარწმუნებული ვარ მნიშვნელოვან მომენტებში დე ხეა ისე ითამაშებს, როგორც სჩვევია. საკუთარ თავში დაეჭვება? არავითარ შემთხვევაში. ეს თქვენი ვარაუდია. ჩვენს გასახდელში ყველასთვის ნათელია, რომ დავიდი ჩვენი მეკარეა. ის წლებია ამას ამტკიცებს”.

და როგორც მოსალოდნელი იყო, პიკეს ბევრი ჰკითხეს რამდენიმე დღის წინანდელი სკანდალის შესახებ, როდესაც ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობიდან ხულენ ლოპეტეგი გაუშვეს. ცენტრალური მცველისგან ყველაფრის დეტალებში მოყოლას ითხოვდნენ.

„რაც მოხდა შეძლებისდაგვარად იოლად გადავიტანეთ, რადგან აქ ყველანი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ვართ ჩამოსულები. თუმცა, რასაკვირველია, სასიამოვნო ნამდვილად არაფერი ყოფილა.

მორჩა, შეჯიბრება დაიწყო. ძველი ფურცელი უნდა გადავშალოთ. იმედი გვაქვს, რომ ფინალში გავალთ და მოვიგებთ.

იმ დღეებში ბევრი შეხვედრა და მსჯელობა გაიმართა, მაგრამ საბოლოოდ რა გადაწყვიტა ფედერაციის  პრეზიდენტმა, თქვენ თავად ნახეთ.

იმას, რომ ლოპეტეგი „რეალთან” აწარმოებდა მოლაპარაკებებს საერთოდ არ გავუღიზიანებივარ. ყველაფერი ნათელია: „რეალი” დიდი კლუბია და თან მისი ცხოვრების მთავარი კლუბი. აქ პრობლემა ამ მოლაპარაკებათა მანერაში იყო. პრეზიდენტს სწორედ ეს არ მოეწონა. ჩვენ, ფეხბურთელები კი ჩემპიონატზე სათამაშოდ ვართ ჩამოსულები და რაც ნაკლებს ვილაპარაკებთ მით უკეთესი იქნება”.

მსოფლიოს მიმდინარე პირველობა პიკეს კარიერაში ბოლოა. ის სანაკრებო ფეხბურთიდან წასვლას აპირებს.

„რასაკვირველია 100 პროცენტით არასდროს იცი რა მოხდება, მაგრამ მე წასვლის შესახებ ადრევე ვთქვი და ჩვეულებრივ, როდესაც რამეს ვამბობ, ვასრულებ კიდეც. ვფიქრობ, დროა. იმედი მაქვს, რომ მსოფლიოს ჩემპიონი გავხდები და ტრიუმფით გავიხურავ კარს”.