მეპატიოს. მხოლოდ ის ვიგულისხმე, რომ ეს ბიჭი ორივე ფეხს თითქმის თანაბრად ხმარობს, ფანტასტიური ნახტომი აქვს და თავითაც ისე ურტყამს, როგორც ფეხით. სერიული მკვლელია – მეტოქეთა ოცნებების სერიული მკვლელი და თან იმ დონის პროფესიონალი, სანამ მსხვერპლს საკონტროლო გასროლასაც არ დაახლის, მოედნიდან არ გადის.
ცოდვა გამხელილი სჯობს: არასოდეს ვყოფილვარ მისი ფანი და არც ვარ. მე უფრო საფეხბურთო კომპოზიტორები მომწონან – არაფრისგან ერთ წამში დიდებულ კომბინაციას რომ გაჩარხავენ და თუნდაც ლოგიკურ ფინიშამდე ფეხი დაუცდეთ, რამდენიმე წუთით სუნთქვაშეკრულს რომ გტოვებენ.
ჰოო, ლეო მესი მყავს მხედველობაში და რა ვქნა… ყველაფრის მიუხედავად, სულ რამდენიმე თვის წინ კრიშტიანუს ქომაგობა დავიწყე, დროებით სამიზნეგაცუდებული მადრიდელებმავე ლამის ანათემას რომ გადასცეს…
ჩამოწერეს… სატრანსფეროდ გაიმეტეს…
გაბრაზდა! გაცოფდა! უკვე არა მატადორი – გავეშებული ხარი, რომელსაც უნდობლობის და ტრიბუნიდან სტვენის სახით წითელი ნაჭერი აუფრიალეს! დუბლებიც გამოაცხო და პოკერიც, ფეხითაც გაიტანა და თავითაც. ისევ იმ სერიულ მკვლელად იქცა, რაც იყო და ვინც იყო.
ჰოდა, ჩემი ქომაგობაც მანდ დამთავრდა – შენ შენი გზით და მე ჩემი გზით.
გუშინ? გუშინ გამოვიდა მოედანზე ისევ ის რონალდუ და მსოფლიოს ჩემპიონობის პრეტენდენტის სამქულიანი ფანტაზია მარტომ დაასამარა.
არ ვარ ფანი.
ამით მის გენიალობას მისხალიც არ აკლდება. ყველაზე კარგი კი ის არის, რომ თანამედროვე ფეხბურთში ერთადერთ ტოლსწორ მეტოქე არგენტინელს უმაღლესი თამასა დაუთქვა.
ეს ძალიან ფეხბურთს ნიშნავს!
დაიწყო!