დღეს 22 საათზე ესპანეთი პორტუგალიას ხვდება. რა ხდება ორი დღის წინ სკანდალგადატანილ ესპანეთის ნაკრებში?
მას-მედია ჯერ კიდევ იმდღევანდელის დეტალებს იკვლევს. როგორც ჩანს, „ლა როხას” ბანაკში დაძაბულობა მართლა მწვერვალს აღწევდა. დაზუსტებით გახდა ცნობილი, რომ ესპანელთა კაპიტანი სერხიო რამოსი და ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი ჟერარდ პიკემ გააშველა. პიკე რომ არა ეშმაკმა იცის რა მოხდებოდაო, წერენ წყაროები.
მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ორი დღით ადრე მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი „რეალის” თავკაცად დაინიშნა და რუსეთში ტურნირის ჩამთავრების შემდეგ ნაკრებიდან მიდის. ამ ცნობამ ფედერაციის პრეზიდენტი განარისხა, ის მოსკოვიდან (სადაც ფიფას კონგრესს ესწრებოდა) კრასნოდარში ჩაფრინდა და ლოპეტეგი თანამდებობიდან მოხსნა. ნაკრების რამდენიმე ავტორიტეტულმა ფეხბურთელმა სცადა რუბიალესზე ემოქმედა და აზრი შეეცვლევინებინა, მაგრამ ამაოდ. და სწორედ ამ დროს დაძაბულა ურთიერთობა რამოსსა და რუბიალესს შორის.
ტელეშოუ La Sexta ადასტურებს, რომ ფეხბურთელმა და ჩინოვნიკმა ხმას ძალიან აუწიეს და საქმე უკვე ფიზიკური შეხებისკენაც მიდიოდა. ყოველდღიური გამოცემა OK კი წერს:
„მათ ძალიან აუწიეს ხმას. ხელი არავის მოუქნევია, მაგრამ ყვიროდნენ. არც ერთი არ თმობდა. ჟერარდ პიკე იძულებული გახდა ჩარეულიყო და ინციდენტი დაეწყნარებინა”.
ok აზუსტებს, რომ აფეთქება ესპანურ პრესაში დაწერილმა იმ ცნობამ გამოიწვია, თითქოსდა ლოპეტეგი გუნდში რჩებოდა და აპირებდა გამოძიებას, თუ რომელმა ფეხბურთელებმა გათქვეს მისი და „რეალის” ამბავი. რუბიალესს რამოსისთვის უკითხავს, პრესამ ეს ცნობა საიდანღა მოიტანაო, რაზეც რამოსს თავი ვეღარ შეუკავებია — ეტყობა პრეზიდენტს ბარალდებასავით გამოუვიდა.
წყაროები წერენ, რომ პიკეს მონდომების წყალობით ინციდენტი არათუ ჩამცხრალა, არამედ რამოსი და რუბიალესი გადახვევიან კიდეც ერთმანეთს.