გერმანიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს კვირას, 19 საათზე, „ლუჟნიკებზე”, მექსიკასთან შეხვედრით იწყებს. ცხადია, იოაჰიმ ლიოვს უნდა, რომ მისი ფეხბურთელები მთლიანად კარსმომდგარ თამაშზე იყვნენ კონცენტრირებულები, მაგრამ მონდიალის პარალელურად მსოფლიოში სხვა საფეხბურთო პროცესებიც მიმდინარეობს. განსაკუთრებული საზაფხულო აქტიურობა ცხადია სატრანსფერო ბაზარზე შეინიშნება. და აი, ცნობაც: „მანჩესტერ სიტის” 27 წლის ნახევარმცველის, თურქული წარმოშობის გერმანელი ილქაი გუინდოგანის ყიდვა „ბარსელონას” მონდომებია.
კატალონიელები ანდრეს ინიესტას შემცვლელს ეძებენ. „ბარსაში” გატარებული 22 წლის შემდეგ, 34 წლის ესპანელმა იაპონიას მიაშურა სადაც „ვისელ კობეში” დაიწყებს თამაშს. „შპორტ ბილდი” წერს, რომ გუინდოგანი ზუსტად აკმაყოფილებს „ბლაუგრანას” მწვრთნელების მოთხოვნებს.
„ბარსა” გუინდოგანით პირველად არ ინტერესდება. გერმანელი 2016 წელსაც ახლოს იყო „კამპ ნოუზე” გადასვლასთან, მაგრამ ფაქტობრივად შემდგერი გარიგება ბოლოწამს „სიტის” ახალდანიშნულმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ჩაშალა — ნახევარმცველი თავისთან გადაიბირა.