ერთი წლის წინ ნეიმარის სანაცვლოდ „პარი სენ ჟერმენმა” „ბარსელონას” 222 მილიონი ევრო გადაუხადა. დღეს, ბრაზილიის ნაკრებთან ერთად რუსეთში ჩასულმა ვარსკვლავმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ასეთი დიდი თანხა ცოტა ეუხერხულება.
„სატრანსფერო თანხით ნამდვილად არ ვამაყობ. არც იმით, რომ მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი მქვია. ეს მხოლოდ ფულია და მეტი არაფერი. სამწუხაროდ, ამას ვერაფერს მოვუხერხებ. პირადად მე ჩემში ასეთ თანხას არ გადავიხდიდი, — თქვა ნეიმარმა და დასძინა, — შენი სატრანსფერო თანხის მალიმალ გამეორება არაფერს იძლევა. ფული არ მეტყველებს იმაზე, სინამდვილეში რამდენად ძლიერი ფეხბურთელი ხარ”.
„პარი სენ ჟერმენში” გატარებულმა პირველმა სეზონმა 26 წლის ფორვარდს ასეთი დასკვნისკენ უბიძგა: „ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ახალ გუნდში თავიდანვე კარგ ფორმაში ვიყავი, არცთუ ცოტა მივიღე მონაწილეობა და ტიტულებიც მოვიგეთ. პარიზში თავს კარგად ვგრძნობ”.
სანამ „პარი სენ ჟერმენის” შემადგენლობაში მეორე სეზონისთვის მოემზადება — ოღონდ უკვე ახალი მწვრთნელის, გერმანელი თომას ტუხელის ხელმძღვანელობით — ნეიმარი რუსეთში მუნდიალზე გამარჯვებას აპირებს.
„ახლა კი გვაქვს შესაძლებლობა გავხდეთ მსოფლიოს ჩემპიონები. იქნებ გერმანიასაც კი შევხვდეთ და თუ ასე მოხდება დიდი იმედი მაქვს, რომ ნამდვილ შურისძიებას მოვაწყობთ. ოთხი წლის წინ, ნახევარფინალში, 1:7 ყველა ბრაზილიელისთვის დიდი დამარცხება იყო. განსაკუთრებით ჩემთვის, რადგან მართალია მოედანზე არ ვიყავი, მაგრამ გუნდის წევრი გახლდით. თავს ისეთივე დამარცხებულად ვგრძნობდი, როგორც ყველა სხვა და წაგებამ ისევე დამთრგუნა როგორც ყველა ჩემი თანაგუნდელი”, — თქვა ნეიმარმა, რომელმაც გერმანელებთან შეხვედრა იმიტომ გამოტოვა, რომ მეოთხედფინალში კოლუმბიასთან დაშავდა.
„ძალიან მინდა ის მატჩი კიდევ ერთხელ ჩატარდეს, ოღონდ მოედანზე მეც ვიყო. ვფიქრობ, მე რომ ვყოფილიყავი, სხვა შედეგი იქნებოდა. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ”.
კალენდრის თანახმად რუსეთში ბრაზილია და გერმანია შესაძლოა მერვედფინალშივე შეხვდნენ ერთმანეთს, ოღონდ ამისათვის ან ბრაზილიელებმა ან გერმანელებმა ჯგუფში მეორე ადგილი უნდა დაიკავონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ორივე გუნდს ფინალში მოუწევს გასვლა.