მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ორიოდ დღე დარჩა, ირანის ნაკრებს კი შეჩვეული და მორგებული „ნაიკის” ბუცები გახადეს. და ვინ იზამდა ამას თუ არა რადიკალური ნაბიჯებით ცნობილი და ცოტაც ექსცენტრული აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ხუმრობის გარეშე: კარლუშ კეირუშის გუნდს პარასკევს პეტერბურგში მაროკოსთან თამაში აქვს, „ნაიკმა” კი გამოაცხადა, რომ მასთან თანამშრომლობას ვეღარ აგრძელებს.
მიზეზი: ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა 2015 წელს დადებულ საერთაშორისო ბირთვული შეთანხმებიდან გავიდეს და ირანის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცროს. ამით ირანს სხვა რა დაუშავდა არ ვიცით, მაგრამ ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ფეხშიშველი დარჩა.
„ნაიკმა” ოფიციალური განცხადება გაავრცელა: „აშშ-ს სანქციები იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, როგორც ამერიკული კომპანია ამ ეტაპზე ირანის ნაკრებს ბუცებით ვეღარ მოვამარაგებთ”.
ამ მოულოდნელმა ამბავმა ირანის ფეხბურთის ფედერაცია საგონებელში ჩააგდო და მან ფიფას მიმართა ჩივილით. ნურავინ იფიქრებს, რომ „ნაიკი” ირანის ნაკრებთან პირველად თანამშრომლობდა. სწორედ ამ კომპანიის ბუცები ეცვათ ირანელებს 2014 წლის მონდიალსა და რამდენიმე სხვა შეჯიბრებაზე.
გაბრაზდა კარლუშ კეირუშიც. მან თქვა: „ფეხბურთელები თავიანთ აღჭურვილობას შეეჩვიენ. დღეს, უმნიშვნელოვანესი თამაშების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მისი შეცვლა, ძალიან არასწორი და უსამართლოა”.
ESPN წერს, რომ ირანელებმა გამოსავალი ინდივიდუალურად მოძებნეს. ზოგმა ფეხბურთელმა მაღაზიებს მიაკითხა, ზოგი კი უცხოელ მეგობრებს დაუკავშირდა და ბუცები ითხოვა.