ინგლისის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ თქვა, რომ ინგლისელებს ზეწოლასთან გამკლავება უჭირთ და წარუმატებლობის შემდეგ წაგებულებისთვის დამახასიათებელი გამართლების ძებნას იწყებენ ხოლმე. სახელოვანი იტელიელის ამ ნათქვამმა ალბიონზე ხალხი გააღიზიანა. დაწერეს, ეს ის კაცია, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, მერვედფინალში გერმანიასთან რომ გავარდა და ფეხბურთელები თავისი მოსაწყენი საწვრთნელი შეკრებებით ლამის ჭკუაზე გადაიყვანაო.
71 წლის კაპელომ, რომლის ინგლისმა ჯგუფში ალჟირსა და აშშ-საც ვერ მოუგო, ბრძანა: „სხვა გუნდები წნეხს უმკლავდებიან და იგებენ. ისინი გამართლებას არ ეძებენ. ეს „ლუზერებისთვის” არის დამახასიათებელი”.
ინგლისის ნაკრების ამჟამინდელმა თავკაცმა გარეთ საუთგეიტმა ყველა ღონე იხმარა, რათა ფეხბურთელებში განწყობა სასიკეთოდ შეეცვალა. გუნდი დღეს მიფრინავს რუსეთში, მაგრამ უკან იტალიელის სიტყვები მიჰყვება:
„ნაკრების მაისურა ფეხბურთელებს მხრებზე მძიმედ აწვება. არადა ეს არ არის მხსვერპლი ან ციხე როგორც დამარცხების შემდეგ წარმოაჩენენ ხოლმე”.
ფაბიო კაპელო გახლავთ ინგლისის ნაკრების ერთ-ერთი ყოფილი მწვრთნელთაგანი, რომელთანაც BBC-ს საკვირაო პროგრამამ: „ინგლისის ნაკრების მწვრთნელობა: შეუძლებელი საქმე” ინტერვიუ ჩაიწერა.
კითხვაზე, რატომ ვერ მოახერხა ინგლისის ნაკრებმა 1990 წლის მონდიალზე, ფლეი-ოფის ეტაპზე, ნახევარფინალამდე, პენალტების სერიის გარეშე ორ თამაშზე მეტის მოგება, მან უპასუხა:
„მსოფლიოს ჩემპიონატზე განსაკუთრებული ზეწოლაა. ძნელია ახსნა, თუ რა ემართება ბევრ ფეხბურთელს იმ გარემოში”.
და კიდევ, კაპელომ თქვა, რომ ინგლისელებს 1966 წლის ტრიუმფალური მსოფლიოს ჩემპიონატის დაუსრულებელი მოგონება უშლით ხელს.
„ინგლისში 66 არასდროს მთავრდება. ეს არის აჩრდილი თეთრი საცეცებით, რომელიც ყოველი მსოფლიო ჩემპიონატის წინ ბრუნდება… და როდესაც ის ბრუნდება, გუნდი ვეღარ თამაშობს ისე, როგორც უნდა ითამაშოს”, — თქვა კაპელომ.