ტური იმერული დერბით გაიხსნა გურიაში. ლანჩხუთის „ევგრაფი შევარდნაძეზე“ „სამტრედიამ“ „ტორპედოს“ „უმასპინძლა“ და დიდი ანგარიშით 1:4 დამარცხდა. წინა ორ ტურში ქუთაისელებმა თბილისურ გუნდებთან უხეიროდ ითამაშეს („ლოკომოტივთან“ 0:1, „დინამოსთან“ 1:1) და ამჯერად ჯავრი მეზობლებზე იყარეს.
„სტუმართაგან“ ერთი გოლი ქართული წარმოშობის უკრაინელმა ევგენ (ასე უწერია ფეისბუქის პირად გვერდზე) ბოხაშვილმა გაიტანა. ქუთათურებს ის წლეულს გაზაფხულზე შეუერთდა. ისე კი, დნეპროპეტროვსკის „დნიპროს“ სკოლის აღზრდილია და უკრაინის ასაკობრივ ნაკრებებშიც უთამაშია. ეს ბოხაშვილის პირველი გოლი გახლდათ წლევანდელ სეზონში.
რაც შეეხება „სამტრედიას“. გაზაფხულზე კლუბმა თითქოს კარგი სატრანსფერო კამპანია აწარმოა, ბევრი სახელიანი და გამოცდილი მოთამაშე დაიმატა. ამისდაკვალად, შინაურ ჩემპიონატსაც და ევროთასებსაც წესით, წელგამართული უნდა შეხვედროდა, მაგრამ… კრიზისი სახეზეა და ამას მწვრთნელების შეცვლაც აღარ შველის. შეგახსენებთ, რომ აპრილში გუნდში უჩა სოსიაშვილის ნაცვლად ბადრი კვარაცხელია მივიდა, მაგრამ სასიკეთო ჯერ არაფერი ჩანს. მეტიც, ფეხბურთელები ნელ-ნელა ტოვებენ გუნდს. კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ახლახან მეკარე ომარ მიგინეიშვილმა და კაპიტანმა ბუბა დაუშვილმაც დატოვეს გუნდი. ამას წინათ კი მათ გზას სენეგალელი შუახაზელი სიდი სანიაც დაადგა…
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ, ქვემოქართლურ დერბიში „რუსთავი“ „სიონს“ დაუზავდა (2:2). მსაჯ დავით ხარიტონაშვილს არცერთი ფეხბურთლი გაუფრთხილებია, ისევე, როგორც ჯენერ ხორავას „დინამო“ – „ჩიხურას“ შეხვედრაში. ჯამში კი ამ ტურში მოთამაშეებმა მხოლოდ 11 ყვითელი ბარათი მიიღეს, რაც ფეირ ფლეის თვალსაზრისით საუკეთესო მაჩვენებველია სეზონში. ყველაზე „ბინძური“ კი მე-7 ტური გახლდათ, როცა არბიტრებმა 27-ჯერ „გააყვითლეს“ ფეხბურთელები.
ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა გორელთა უკრაინელმა ლეგიონერმა მიკოლა კოვტალიუკმა და 7 გოლით ბომბარდირთა დავაში დინამოელ ოთრ კიტეიშვილს გაუსწორდა. „დილა“ – „კილხეთის“ შეხვედრაში მსაჯმა გოგა კიკაჩეიშვილმა დასაწყისშივე გააძევა ფოთელი ლაშა გოგონაია. ჯამში კი ეს მე-16 წითელი ბარათია სეზონში.
ლიდერმა „საბურთალომ“ თბილისურ დერბიში ტრადიციულად რთულ მეტოქესთან – „ლოკომოტივთან“ დაკარგა ქულები (ცნობისათვის, საბურთალოელებმა პირველ წრეში მინიმალური ანგარიშით წააგეს რკინიგზელებთან) .
„დინამომ“ კი სხვადასხვა მიზეზით შეთხელებული შემადგენლობით მოთამაშე „ჩიხურას“ დმიტრო ივანისენიას გოლით მოუგო და ლიდერს 2 ქულითღა ჩამორჩება. ეს უკრაინელი ნახევარმცველის მეორე გოლი გახლდათ სეზონში.
შემდეგ ტუში ძალიან საინტერსსო მატჩია. 17 ივნისს, „მიხეილ მესხზე,“ „საბურთალო“ „დინამოს“ უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში „დინამო არენაზე,“ ამათი შეხვედრა საბურთალოელებმა თორნიკე გორგიაშვილის ერთადერთი გოლით მოიგეს.
მე-14 ტური: სამტრედია 1:4 ტორპედო, რუსთავი 2:2 სიონი, დილა 2:0 კოლხეთი, ლოკომოტივი 1:1 საბურთალო, დინამო 1:0 ჩიხურა
სატურნირო მდგომარეობა
გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
საბურთალო | 36 | 24 | 7 | 5 | 64:29 | 79 |
დინამო | 36 | 21 | 6 | 9 | 73:38 | 69 |
ტორპედო | 36 | 20 | 9 | 7 | 66:25 | 69 |
ჩიხურა | 36 | 19 | 7 | 10 | 54:33 | 64 |
დილა | 36 | 17 | 12 | 7 | 60:40 | 63 |
ლოკომოტივი | 36 | 12 | 8 | 16 | 43:55 | 44 |
რუსთავი | 36 | 8 | 13 | 15 | 33:44 | 37 |
სიონი | 36 | 8 | 7 | 21 | 39:65 | 31 |
სამტრედია | 36 | 4 | 9 | 23 | 28:81 | 21 |
კოლხეთი | 36 | 4 | 8 | 24 | 26:76 | 14 |
მე-15 ტური
16 ივნისი: კოლხეთი – რუსთავი, დილა – სამტრედია
17 ივნისი: სიონი – ლოკომოტივი, საბურთალო – დინამო
18 ივნისი: ჩიხურა – ტორპედო
მეგოლეები: გიორგი გაბედავა (ჩიხურა), ლეანდრო რიბეირო (დილა) – 8, ოთარ კიტეიშვილი (დინამო), მიკოლა კოვტალიუკი (დილა) – 7, ბუდუ ზივზივაძე (დინამო), ლევან კუტალია (ტორპედო) – 6