უკვე ოთხი კვირა გავიდა რაც გერმანიის ნაკრების თურქული წარმოშობის ფეხბურთელებმა მესუთ იოზილმა და ილქაი გუინდოგანმა თავიანთი ისტორიული სამშობლოს პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად ფოტო გადაიღეს. ამის გამო სკანდალი აგორდა, რომელიც თანდათანობით კი არ ცხრება, არამედ მატულობს. გერმანელმა ხალხმა მოთამაშეებს ერდოღანთან ფოტოს გადაღება არ აპატია.

ამ თემაზე ხმა აიმაღლა გერმანიის ნაკრებისა და „ბაიერნის” ყოფილმა ვარსკვლავმა მარიო ბასლერმაც. მან თქვა: „თუკი გუინდოგანსა და იოზილს ხალხი მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შეხვედრაშიც უსტვენს, მაშინ იოაჰიმ ლიოვმა ისინი აღარ უნდა ათამაშოს. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდ წარმატებას ეჭვქვეშ დააყენებს. როდესაც მთელი სტადიონი უსტვენს, ეს მთელ გუნდზე მოქმედებს”.

შემდეგ, ბასლერმა იოზილი როგორც ფეხბურთელი გააკრიტიკა: „იოზილის დიდი ვარსკვლავობა გადაჭარბებულია. მართალია, მან ნაკრებში უკვე ასამდე თამაში ჩაატარა, მაგრამ ჩემი აზრით ის ლიდერი არ არის. რასაკვირველია, მას დახვეწილი ტექნიკა აქვს, მაგრამ დიდ შეხვედრაში ვერაფრით გამოირჩევა”.

ბასლერისგან განსხვავებით თავიანთი ყოფილი თანაგუნდელები ფილიპ ლამმა დაიცვა. სკანდალის კვალდაკვალ გუინდოგანმა „ტვიტერში” დაწერა, რომ გერმანიის სახელით თამაში მისთვის დიდი პატივია, იოზილს კი ჯერჯერობით ხმა არ ამოუღია.