
არა და არ ბეზრდება საფეხბურთო მსოფლიოს მოჰამედ სალაჰისა და სერხიო რამოსის ამბის მოსმენა. კვლავ ისმის კითხვა: ძალად დააშავა „რეალის” კაპიტანმა „ლივერპულის” ეგვიპტელი თავდამსხმელი თუ რაც მოხდა შემთხვევითობა იყო.
ამჯერად დუმილი სალაჰმა დაარღვია. ესპანური „მარკას” კითხვაზე მისი აზრით განზრახ ატკინა თუ არა მადრიდელმა მხარი, თავდამსხმელმა უპასუხა:
„არ ვიცი, შესაძლოა განზრახაც. მოედანზე რომ დავეცი ერთბაშად მომერია ფიზიკური ტკივილი, დიდი წუხილი, ბრაზი და დარდი, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშს ვეღარ გავაგრძელებდი. რამდენიმე წუთი რომ გავიდა, მივხვდი, რომ შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვეღარ წავსულიყავი და ამ აზრმა საერთოდ გამანადგურა.
ახლა თავს უკეთ ვგრძნობ. იმედი მაქვს, რომ ურუგვაისთან პირველ შეხვედრაშიც მივიღებ მონაწილეობას, თუმცა რაც უფრო მოახლოვდება მატჩის დღე, მით უფრო გამოჩნდება შევძლებ თამაშს თუ ვერა”.
რამოსმა ბოლო კომენტარში თქვა სალაჰს ნემსი რომ გაეკეთებინა ფინალში ბოლომდე თამაშს შეძლებდაო.
„სასაცილოა, — თქვა ეგვიპტელმა, — ამაზე რა შემიძლია გითხრათ? კაცმა, რომელმაც მატირა ახლა ძალიან გამაცინა. იქნებ ისიც მითხრათ, შევძლებ თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს?”
რამოსმა თქვა, რომ სალაჰს მესიჯით ელაპარაკა და მან უთხრა, რომ ახლა კარგად გრძნობს თავს.
„მართალია, მან მესიჯი გამომიგზავნა, მაგრამ კარგად ვარ მეთქი მე მისთვის არ მითქვამს”, — თქვა ბოლოს სალაჰმა.