საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის 1992 წელს შექმნილი პრიზი ავტორ გია ჯაფარიძესთან ერთად

გიყვარდეს, კარგია „რეალი“… შარფს შემოიხვევ, ბარში ლუდს ჩაუჯდები, რონალდუს გოლზე ვიღაცას თითქმის გულწრფელად გადაეხვევი და ცოტას გაიხარებ კიდეც, ხოლო სამეფო კლუბის წაგებამ ნახევარი წუთით ვინძლო ხასიათიც გაგიფუჭოს.

მაინც სხვისია ეს ყველაფერი. შენია, მარტვილში, „მერანის“ მოედნის დაქცეულ ტრიბუნაზე, წვიმაში რომ ზიხარ და გული მართლა გეთუთქება, როცა შენი გუნდი, მინდორზე შენივე ორიოდე ბავშვობის მეგობრით, ამდენ ასპროცენტიან საგოლე მომენტს აფუჭებს ან მსაჯის უსინდისო ქმედებათა გამო (ასე გგონია, ყოველ შემთხვევაში) უსამართლოდ აგებს. უკაცრავად, „იუვენტუსის“ და არგენტინის ნაკრების ქართველო ფანებო, მაგრამ ვალიდოლის და კორვალოლის ფასი 60-70-80-იანების ანუ ქართულ ფეხბურთზე გულის აყრამდელი პერიოდის „დინამოს“ ქომაგებმა იციან ყველაზე კარგად.

საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი – ვერსია მეორე

„სარბიელის“ სარედაქციო პოლიტიკა მუდამ გულისხმობდა მახვილის დასმას ქართული სპორტის და განსაკუთრებით ფეხბურთის თემაზე. მეტიც, ჩვენებმა უკვე 1992 წელს ქართული „ფრანს ფუტბოლობა“ შეითავსეს და საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვათა ჩატარება დაიწყეს იმ დროს, როცა სპორტულ ჟურნალისტებთან კომუნიკაციის ყველაზე სწრაფი საშუალება მასთან რედაქციაში ვიზიტი იყო. დაბრკოლებათა მიუხედავად, 2008 წლამდე „სარბიელის“ გამოკითხვა ტარდებოდა წლის ჩაუგდებლად (აქედან ერთხელ საფეხბურთო პროფლიგასთან ერთად), ხოლო საუკეთესო ფეხბურთელთა დაჯილდოების ცერემონიალი სეზონის გამორჩეულ სპორტულ ღონისძიებად ახსენდება მკითხველს და ქომაგს. „სარბიელის“ გამოკითხვაში გამარჯვება დიდი პატივი და პრესტიჟი გახლდათ და დარწმუნებულნი ვართ, განახლების შემდეგაც ასე იქნება. ცერემონიალს მარილს ჰმატებდა მოქანდაკე გია ჯაფარიძის ორიგინალური პრიზები, თავდაპირველად ბრინჯაოს ფეხბურთელი, ხოლო შემდგომ – ბურთი კვარცხლბეკზე…

ამჯერად „სარბიელის“ პარტნიორობა კომპანია „ლიდერბეთმა“ ითავა, რისთვისაც, ცხადია, დიდ მადლობას მოვახსენებთ.

საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი 1992-2008 წლებში

ფილოსოფოსი ამბობს, ცხოვრება წრიულიაო. ათი წლის შემდეგ „სარბიელმა“ ქართველ სპორტულ ჟურნალისტთა ყოველწლიური გამოკითხვა განაახლა და რესპოდენტთა რაოდენობის მაჩვენებელიც გააუმჯობესა: ამ ჯერზე 80-მა სპორტულმა ჟურნალისტმა გამოთქვა აზრი. შედეგები ჯერ ცხრაკლიტულშია და საზოგადოება რჩეულთა სახელებს 12 ივნისს, რესტორან “ბირ თაიმში” გამართულ ცერემონიალზე შეიტყობს, ხოლო გამოკითხვის ყველა წვრილმანს „სარბიელის“ პორტალიდან ამოიკითხავს. დაჯილდოების ცერემონიალზე გამოკითხვის გამარჯვებული ახალი პრიზით დაჯილდოვდება: მას გადაეცემა გამარჯვების ქალღმერთ ნიკეს ქანდაკება დაფნის ფოთლებით.

გამარჯვების ქალღმერთი ნიკე – გამარჯვებულს…

 

იქამდე კი წარსულის სტატისტიკას წარმოგიდგენთ:

გაზეთ „სარბიელის“ გამოკითხვა. ყველა გამარჯვებული

1992-93 – გიორგი ქინქლაძე (დინამო)
1993-94 – შოთა არველაძე (დინამო, ტრაბზონსპორი)
1994-95 – აკაკი დევაძე (შევარდენი-1906, როსტელმაში)
1995-96 – გიორგი ქინქლაძე (მანჩესტერ სიტი)
1996-97 – თემურ ქეცბაია (აეკ)
1997-98 – შოთა არველაძე (აიაქსი)
1998-99 – ზაზა ჯანაშია (ლოკომოტივი, მოსკოვი)
1999-2000 – ლევან კობიაშვილი (ფრაიბურგი)
2000-2001 – კახა კალაძე (დინამო კიევი, მილანი)
2001-2002 – კახა კალაძე (მილანი)
2002-2003 – კახა კალაძე (მილანი)
2003-2004 – ალექსანდრე იაშვილი (ფრაიბურგი)
2004-2005 – ლევან კობიაშვილი (შალკე)
2005-2006 – კახა კალაძე (მილანი)
2006-2007 – შოთა არველაძე (ალკმაარი)
2007-2008 – ალექსანდრე იაშვილი (ფრაიბურგი)

ცალკე ტარდებოდა გამოკითხვა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციის ახალი კალენდრით ჩვენს შიდა ჩემპიონატში ჯერ კიდევ გაგანია სეზონია და საუკეთესო მობურთალზე არჩევანის გაკეთება მოუხერხებელი იქნება. წინა გამოკითხვათა სტატისტიკა კი ინებეთ.

გაზეთ “სარბიელის” გამოკითხვა. საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი

1997-98 – დავით მუჯირი (დინამო) 1998-99 – რატი ალექსიძე (დინამო) 1999-2000 – ზურაბ იონანიძე (ტორპედო) 2000-2001 – ზაზა ზირაქიშვილი (დინამო) 2001-2002 – მალხაზ ასათიანი (ტორპედო) 2002-2003 – ზურაბ იონანიძე (ტორპედო) 2003-2004 – დავით კვირკველია (დინამო) 2004-2005 – ლევან მელქაძე (დინამო) 2005-2006 – ოთარ მარცვალაძე (ვიტ ჯორჯია) 2006-2007 – სანდრო იაშვილი (დინამო) 2007-2008 – გიორგი მერებაშვილი (დინამო)