„ბარსელონამ” გარკვეული ფიქრისა და კონსულტაციების შემდეგ ახალი სპორტული დირექტორის ვინაობა დაასახელა — ერიკ აბიდალი. „ბლაუგრანას” ყოფილი მცველი რობერტ ფერნანდესის კაბინეტს დაიკავებს. ფერნანდესს კლუბთან კონტრაქტის ვადა 30 ივნისს ეწურება. ფერნანდესი პირველი გუნდის დირექტორად 2015 წლიდან მუშაობდა ანუ მას მერე, რაც საპრეზიდენტო არჩევნები ჟოზეპ მარია ბარტომეუმ მოიგო.
ახლა ალბათ აღარავის ახსოვს და 2014-15 წლების გასაყარზე „ბარსას” პატარა კრიზისივით ჰქონდა, როდესაც „ანოეტაზე” „რეალ სოსიედადთან” წააგო. სწორედ მაშინ, 2015 წლის დასაწყიში ბარტომეუმ ანდონი სუბისარეტა გააგდო და მის ნაცვლად ფერნანდესი მიიყვანა. მოხდა ისე, რომ ამის შემდეგ ის სეზონი ლუის ენრიკემ მეორე „ტრებლით” დაასრულა — მოიგო ლა ლიგა, სამეფო თასი და ჩემპიონთა ლიგა.
რობერტ ფერნანდესმა დირექტორობის წლებში იყიდა სამუელ უმტიტი, პაულინიუ, იასპერ სილესენი და დენის სუარესი. მას აკრიტიკებდნენ ლუკას დინიეს, ანდრე გომეშისა და პაკო ალკასერის შეძენის გამო.
მაშინ, 2015-ში, აბიდალი ბარტომეუს კონკურენტის, ჟოან ლაპორტას მიერ შექმნილი ტექნიკური ჯგუფის წევრი ანუ მოწინააღმდეგის ბანაკში იყო.
ფეხბურთელობის წლებში ფრანგი მცველი პეპ გვარდიოლას დროინდელ „ბარსაში”, რომელსაც ბევრი კლუბის ისტორიაში საუკეთესო გუნდს უწოდებს, ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახლდათ. მას პირველ წელიწადს გაუჭირდა გუნდთან შეჩვევა, შემდეგ კი ჩინებულად ათამაშდა და გულშემატკივრის საყვარელი ფეხბურთელიც გახდა. გავიდა ხანი და მთელი მსოფლიო შეძრა მისმა ბრძოლმა მძიმე დაავადებასთან, ღვიძლის სიმსივნესთან, რომელშიც ერიკ აბიდალმა გაიმარჯვა და მოედანს დაუბრუნდა.
ოფიციალურად აბიდალს ბარსელონა 18 ივნისს წარადგენს. მისი უპირველესი ამოცანა ანტუან გრიზმანთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება და თანამემამულის „ბარსაში” გადაყვანა იქნება.