საფეხბურთო კულინარია ანუ ფეხბურთი ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი, “შერეკილებიდან” ბიძია-ბაბუას ტყუილად როდი დავესესხე.
ნებისმიერ სფეროში ეპოქას შერეკილები ქმნიდნენ და “გაფრენამდე” მათი არავის სწამდა.
ფეხბურთშიც ასე იყო და ასეა. ბრაზილიური “დუბლ ვე”, იტალიური “კატენაჩო”, ჰოლანდიური “ტოტალური ფეხბურთი”… რუსებსაც კი ჰქონდათ საკუთარი “ბეი-ბეგი!”.
ყველა ქვეყანას კულინარიასავით საკუთარი რეცეპტი შემოჰქონდა საერთო სამზარეულოში.
იყო დრო და მომენტი… დრო და მომენტი შეიცვალა. მომხმარებელი (ქომაგი) უფრო გურმანი გახდა და საფეხბურთო სამყაროს ავან-ჩავნებმაც მალე აუწყეს მოთხოვნას ფეხი.
ინგლისელებმა მწვრთნელებად ესპანელები მიიწვიეს, ფრანგებმა გერმანელები, გერმანელებმა იტალიელები და იტალიელებმა ფრანგები. ფეხბურთელების მიგრაციაზე აღარაფერს ვამბობ. მოკლედ, ახალ შეფ-მზარეულებთან ერთად ახალი ინგრედიენტებიც გაჩნდა და საფეხბურთო სამზარეულოებიც კონკრეტული ქვეყნების ჩარჩოებს გასცდა.
წლევანდელი ჩემპიონთა ლიგა, ტრიუმფატორისდა მიუხედავად, ისტორიული იყო. წაიშალა სტერეოტიპი, რომ ერთი, თუნდაც გენიალური ფეხბურთელი, ყველა პრობლემას ათწამიანი ჯადოქრობით მოაგვარებს.
წაიშალა სტერეოტიპი, რომ ავტომატიზმამდე მიყვანილი ტაქტიკა ასიდან ასჯერ ამართლებს. წაიშალა სტერეოტიპი, რომ ჯამურად მილიარდიანი გუნდით სამასმილიონიანს აუცილებლად გადათელავ. არა ერთმა და ორმა დაპირისპირებამ დაგვარწმუნა.
ლიგა იქით იყოს და, ეროვნულ პირველობებში პროცესებიც ამას მოწმობს. მოურინიუმ მისი “მანჩესტერის” უმწეობა აღიარა გვარდიოლას “სიტისთან”. ეს ნაკლებად იყო კადრებზე წუწუნი – ესპანელის მიერ შეგემებული ინგლისური კერძი გაცილებით გემრიელი აღმოჩნდა.
და “ლივერპული”? ინგლისში მესამეობისთვის მებრძოლ გუნდში გერმანელმა კლოპმა სრულიად ახალი პროდუქტი შექმნა – “ვერტიკალური ფეხბურთი”.
ამ თემაზე არაერთი წერილი დაიწერება და ლივერპულელთა თამაშიც მისხალ-მისხალ გაირჩევა. ეს სულაც არაა ამ წერილის მიზანი. მთავარი ისაა, რომ თანამედრივე ფეხბურთმა უნივერსალური ფეხბურთელების ბაზაზე ერთფეროვანი ტაქტიკით თამაშის რესურსი ამოწურა. საკმარისია სულ ოდნავი გადახვევა გაკვალული გზიდან და…
საბოლოო ჯამში ისევ საქართველომდე მოვდივართ. ერთ დროს ჩვენ ვიყავით 300-მილიონიანი ქვეყნის საფეხბურთო მოდის კანონმდებლები – “ქართველი ბრაზილიელები”, მაგრამ დღეს საფეხბურთო თეორიაში არათუ მოვიკოჭლებთ, ორი წრით ჩამოვრჩებით მსოფლიოს.
დავივიწყოთ კომუნისტების დრო და ის ვთქვათ, როგორ ფეხბურთს თამაშობდნენ 90-იანი წლების გარიჟრაჟზე “დვიჟოკის” შუქზე დიღომში დაფრთიანებული ბიჭები. ან იქნენ მოსკოვში ესენგეს თასზე მათ მიერ ნათამაშევი ფეხბურთი და XXI საუკუნის გუნდად მონათვლა გავიხსენოთ?
სამწუხაროდ, ვერც უკვე გაკვალულ გზებს ავუწყეთ ფეხი და საკუთარს ხომ კარგა ხანია, ვერ ვთავაზობთ. ქართულ საფეხბურთო რევოლუციას არავინ ითხოვს, მაგრამ ხანდახან…
საქართველოს ნაკრებმა წუხელ 0:1 წააგო… ლუქსემბურგთან წააგო… რაღა დროს ქართველი ბრაზილიელებია…
წილი
წინა სტატიაიოზილი დაშავდა
შემდეგი სტატიატურეს კივილი და ბოატენგის კანის ფერი
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".