ინგლისური ფეხბურთის ლეგენდები სერ ბობი და ჯეკ ჩარლტონები თანაგუნდელი რეი უილსონის გასვენებაში შეხვდნენ ერთმანეთს. ამას ასე საგანგებოდ იმიტომ ვამბობთ, რომ ძმები ჩარლტონები ოჯახური კონფლიქტის გამო ერთმანეთს წლობით არ ხვდებიან.
უილსონი, რომელსაც ბევრი სტაჟიანი გულშემატკივარი და ჟურნალისტი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მარცხენა მცველად მიიჩნევს, დემენციით იყო ავად და მაისის ბოლოს 83 წლისა გარდაიცვალა.
რაც შეეხება ჩარლტონების კონფლიქტს ის 22 წლის წინ დაიწყო, ამაზე კი ჯეკმა უმცროს ძმას საყვედური უთხრა, სიკვდილის წინ დედა არც კი მოინახულეო, რაზეც რძალმა ანუ სერ ბობის ცოლმა ნორმამ იხუვლა და მაზლს პასუხი გასცა.
2007 წელს სერ ბობიმ გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელშიც დაწერა, რომ ის, რაც ჯეკმა შემდეგ ნორმაზე ილაპარაკა უღირსი ნათქვამი იყო.
ერთმანეთს წაკიდებული ძმების გარდა მეგობრის გასვენებას ესწრებოდნენ 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გმირი სერ ჯეფ ჰერსტი და ლეგენდარული მეკარე გორდონ ბენქსი.