სერხიო რამოსი ან მართლა ტარტაროზია ან ყველაფრის მისთვის დაბრალება მოდაში შემოვიდა. ახლა ამბობენ, რომ „ლივერპულის” გერმანელი მეკარის ლორის კარიუსის ორი უხეში შეცდომა იმის ბრალია, რომ თამაშის დასაწყისში მას რამოსი შეასკდა და ტვინი შეურყია. სხვა სიტყვებით, რამოსის უხეშობა რომ არა, კარიუსი ფინალში ორ უპატიებელ გოლს არ გაუშვებდა.

„ბილდი” წერს, რომ მატჩის დამთავრების შემდეგ კარიუსს ქცევაში ნორმიდან გადახრა შეამჩნიეს, რის გამოც „ლივერპულმა” გადაწყვიტა ის გამოკვლევაზე კალიფორნიის ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში გაეშვა. კალიფორნიელ ექიმებს კი დაუდგენიათ, რომ 30 კრიტერიუმიდან 26-ის თანახმად, კარიუსს ტვინის აშკარა შერყევა აქვს გადატანილი.

ექიმმა როს ზაფონტემ დაწერა: „ჩვენი გამოკვლევების დროს მისტერ კარიუსის შემორჩენილი სიმპტომები და ობიექტური ნიშნები აჩვენებდნენ, რომ მას ჰქონდა ვიზუალურ-სივრცითი დარღვევები. შესაძლოა, ასეთმა დეფიციტმა მართლაც გამოიწვიოს შეცდომები საქმიანობაში”.

როგორ მტკიცდება, რომ კარიუსს ტვინი მაინც და მაინც რამოსთან შეჯახების დროს შეერყა უცნობია, მაგრამ სრულიად შესაძლებელია, რომ ყველაფერი მართლაც ასე იყო.