იშვიათია, როცა საკუთარ საქმეში ღმერთკაცები პატივმოყვარეობასაც ამარცხებენ.
ზინედინ ზიდანი ერთი უდიდესი ეპოქა იყო ფეხბურთში. შემსრულებელი კი არა – მოაზროვნე და შემქმნელი. ბურთს შეუხებლად ისე დარაჯობდა, სამ კაცს არ გაიკარებდა და მერე წამში იმ ბურთს ისე გადაამისამართებდა, მეტოქეს კი არა, ემე ჟაკეს რჩებოდა პირი ღია.
მისი ტვინის ხვეულები მადრიდში სათანადოდ შეაფასეს და თავის დროზე „მოხეტიალე საფეხბურთო ცირკის“ ერთ-ერთ სოლისტს დირიჟორობა ანდეს.
ყველაზე მოსაგები რომ არის, ზედიზედ სამჯერ ის მოიგო.
მეტი რა ექნა?! რატომ წავიდაო?! იმიტომ რომ ჭკვიანია – საფეხბურთო ჯომოლუნგმაზე სამჯერ აირბინა და აინშტაინის თეორიის მიხედვით, დაუსრულებლად არაფერი გრძელდება. მაგარი ფეხბურთელი იყო. მაგრად იმწვრთნელა.
წასვლაშიც იმაგრა.
ისე, აინშტაინის და ფარდობითობის თეორიის გარდა, მათემატიკაშიც არა უშავს: ყატარის ფეხბურთის ფედერაციას ოთხწლიანი და წლიურად 50-მილიონიანი კონტრაქტი შეუთავაზებია ნაკრების გაწვრთნის სანაცვლოდ!
ეს კი აბსოლუტური რეკორდია და ერთად აღებულ რონალდუს და მესის, ანაც მთელ ტურინის „იუვენტუსს“ უდრის.