ავსტრიულ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს ნაკრებმა მალტა დაამარცხა. ვლადიმირ ვაისის დამოძღვრილმა გუნდმა, კაპიტან კაშიას პენალტით ბოლოსწინა წუთზე გატეხა მეტოქე და შედეგად მივიღეთ ის, რომ წლეულს საქართველო დაუმარცხებელია, უფრო მეტიც – ქულადაუკარგავი და გოლგაუშვებელი, რაც, რა თქმა უნდა, უდავოდ წარმატებული ამბავია.
ზემოთ ვაისი ვახსენეთ და ჩვენი ნაკრების მესაჭემ წინასამალტო სურვილიც ზედმიწევნით აისრულა – მინდა გოლგაუშვებლად მოვიგოთო, განაცხადა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვაისმა…
ისე, როგორც ყველა სანაკრებო მატჩს, ამ თამაშსაც ჰქონდა თავის მინუს-პლიუსები. პოზიტივზე ნაწილობრივ ვთქვით, დავამატებთ იმასაც, რომ სამომავლო პერსპექტივისთვის ერთგვარი დივიდენდი იყო ნაკრებში ახალი სახეების გამოჩენა. მართალია, ეს თითქმის მთელი ძირითადი ბირთვის არყოფნით იყო გამოწვეული, მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა ახალწვეულებმა გარკვეული გამოცდილება შეიძინეს. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ოთარ კიტეიშვილი, “დინამოს” ახალგაზრდა ლიდერი, ვინაც სანაკრებოდაც თვალშისაცემი გახლდათ და აკი მის გონივრულ მცდელობას მოჰყვა საგოლე პენალტიც. საიმედო იყო კვასხვაძეც, კაცნაკლულ მეტოქესთან გულმოცემულ მალტელებს ორჯერ რომ არ გაატანინა და ასპროცენტიანი გოლისგან იხსნა გუნდი…
ნეგატიურ მხარეზეც ვთქვათ…
ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა ვაისის გუნდისთვის არათანაბრად ჩატარებული ტაიმები. ასე იყო ამჯერადაც. პირველ ნახევარში ჩვენები დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, არა ერთი საგოლე მომენტიც შეიქმნა და რაც მთავარია, იმხელა წნეხში ჰყავდათ მეტოქე, მალტელებს ხეირიანად არც გაუხედავთ ქართველთა ნახევრისკენ. მეორე ნახევარში კი, როცა წესით, პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობის რეალიზაციას უნდა შევდგომოდით, მოხდა საპირისპირო რამ – გუნდი ძალზედ უნიათოდ ირჯებოდა, მალე ამას გვილიას გაძევებაც დაერთო, დროის მოკლე მონაკვეთში ზედიზედ ორი გაფრთხილება წითელ ბარათად რომ ექცა. გვილიას ეპიზოდი, საერთო გუნდური დისციპლინის ხარვეზებზე მიუთითებს.
მოკლედ, ფაქტია, სამუშაო კვლავაც ბევრი აქვს ვაისს, წინ კი მორიგი მატჩია, მეტოქედ მალტაზე ყოჩაღი ლუქსემბურგია. საამმატჩოდ ვაისს შედარებით სოლიდური შემადგენლობის შეკრება შეუძლია – ნაკრებს “ყაზახი” ლეგიონერები შეუერთდებიან.