კატალონიური პრესა წერს, რომ თუ „რეალი” მაურისიო პოჩეტინიოს ვერ გადაიბირებს, მაშინ მასიმილიანო ალეგრის შესთავაზებს სამსახურს.
იტალიელი, რომელიც ამჟამად „იუვენტუსს” უდგას სათავეში „რეალისთვის” კარგი ვარიანტია. მას პოჩეტინიოსთან შედარებით ერთი დიდი პლიუსი აქვს — გამოცდილება. ალეგრის „ბებერი ქალბატონის” თავკაცის რანგში ხუთი „სკუდეტო” აქვს მოგებული. მან „იუვეს” ოთხჯერ ააღებინა ქვეყნის თასი, ხოლო 2015 და 2017 წლებში ტურინელები ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გაიყვანა, სადაც პირველად „ბარსელონასთან” დამარცხდა, მეორედ კი „რეალთან”.
„რეალისა” და „იუვენტუსის” წლევანდელი მეოთხედფინალური დრამა ყველას კარგად ახსოვს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ალეგრის „რეალთან” აკავშირებენ, მაგრამ ყველაზე სასურველ კანდიდატად არასდროს დაუსახელებიათ. ყოველთვის სათადარიგოა.
მასიმილიანო ალეგრის „იუვენტუსთან” 2020 წლამდე აქვს კონტრაქტი და მის გამოსყიდვას დიდძალი თანხა დასჭირდება.