
წლევანდელ „როლან გაროსს“ ჩემპიონი ჯერ არ ჰყავს, მაგრამ მედიამ გმირი უკვე შეარჩია.
არგენტინელი მარკო ტრუნჯელიტი დიდი ვერაფერი მეჩოგნეა და საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა. მისდა ბედად, ტურნირიდან 8 კაცი მოხსნა, მარკო მერვე იყო და ზარმა ესპანეთში უწია – ძირითად ბადეში ხარო…
10 საათი იჯდა საჭესთან, ბარსელონადან პარიზამდე გამთენიასღა ჩააღწია, ერთ საათში კორტზე გავიდა და… ბერნარდ ტომიჩი დაახურდავა! მარკომ ამ ერთი მოგებით, კარიერაში რომ უშოვნია, იმის მეხუთედი გააკეთა. თუმცა, ეს სულაც არ არის „როლან გაროსის“ ყველაზე გიჟური ისტორია. ჩოგბურთის მოყვარულებს უნდა ახსოვდეთ რუმინელი ანდრე პაველი. 2002 წელს მეოცე ცდიდან პირველად მოხვდა „დიდი მუზარადის“ მეოთხედფინალში. მისი შეხვედრა ესპანელ ალექს კორეტხასთან სიბნელის გამო შეწყდა, როცა პაველი 6:7, 5:7, 5:4 მარცხდებოდა. მეორე დილით კორტზე ჯერ ანდრე აგასი და ხუან კარლოს ფერერო გავიდნენ, მაგრამ წვიმამ გეგმები არია…
პაველმა ორგანიზატორები გააფრთხილა, მანქანას მოახტა და გერმანიაში დაგაზა – ცოლს მშობიარობა ეწყებოდა…
მეორე დილითღა დაბრუნდა. სპორტსმენების მოსაცდელ ოთახში სამი საათი წაუძინა, გავიდა კორტზე და კორეტხასთან დარჩენილი სამი გეიმი 11 წუთში წააგო.
სამაგიეროდ, სიმონამ მარიუსი გაუჩინა და არაფერს ნანობს…