ტურის პირველ მატჩში ლიდერმა „საბურთალომ“ მწვრთნელშეცვლილი „რუსთავი“ 2:1 დაამარცხა და ვინაიდან „დინამომ“ „ტორპედოსთან“ ქულები დაკარგა, უშუალო კონკურენტს 4 ქულით გაუსწრო.

„რუსთავი“ კი ზუსტად 180 დღიანი პაუზის შემდეგ მინდორზე ისევ ვარლამ კილასონიამ გაიყვანა. შეგახსენებთ, წინა ტურში, „ჩიხურასთან“ განადგურების შემდეგ „რუსთავის“ თავკაცებმა რუსი სპეციალისტი ვლადიმირ გაზაევი დაითხოვეს და ისევ ვარლამ კილასონია დააბრუნეს. ადრეც ვწერდით და ახლაც გავიმეორებთ, რატომ მოიყვანეს ეს კაცი საერთოდ, ძნელი ასახსნელია. შარშან ვარლამ კილასონიამ, რომელიც უკვე რუსთავური ფეხბურთის სიმბოლოდ იქცა, წვალებ-წვალებით შეკოწიწებული გუნდი, ერთიანობით შეკრა, ბოლოსკენ 15 მატჩიანი წაუგებელი სერია გამოაცხო და ლიგა 1-ში გადაიყვანა. გადაიყვანა და…
გაზაევის თავკაცობით რუსთაველებმა ეროვნულ ლიგაში 4 მატჩი მოიგეს, ორჯერ ფრედ ითამაშეს და 6-ჯერ დამარცხდნენ. მეექვსე ადგილზე იდგნენ. არადა, შემადგენლობის სიძლიერიდან გამომდინარე, თავიდან ჩემპიონობის ერთ-ერთ კანდიდატად მიიჩნეოდნენ.
„საბურთალოსთან“ მატჩის გმირ-ანტიგმირი რუსთაველთა 37 წლის მცველი დავით კვირკველია გახდა. დათომ ჯერ ანგარიში გახსნა, შემდეგ კი საკუთარ კარშიც გაიტანა. ეს მერვე ავტოგოლი გახლდათ სეზონში.
„ქართული კლასიკო“ ამჯერად მშვიდობიანი შედეგით დასრულდა. „ტორპედომ“ და „დინამომ“ ერთმანეთს თითო გოლი გაუტანეს. ყველაფერი პირველ 15 წუთში მოხდა. ჯერ ქუთაისელმა ლევან კუტალიამ იყოჩაღა, მერე დინამოელმა აკაკი შულაიამ.

ქოთაისელებმა “დინამოელი” კიტეიშვილი ალყაში მოაქციეს. ბადრი კეთილაძის ფოტო

ფრედ ითამაშეს „სიონმა“ და „დილამაც“. გორელთაგან ისევ ლეგიონერები გამოირჩნენ. და რა თქმა უნდა, ისევ ლეანდრო რიბეირომ გაიტანა. ანგარიში  მიკოლა კოვტალიუკმა გახსნა. მერე კი ბრაზილიელმა პენალტი გამოიყენა და ბომბარდირთა დავაში მთავარმეგოლე გიორგი გაბედავას გაუთანაბრდა. რიბეირო უკვე ზედიზედ მეოთხე ტურია მოედნიდან უგოლოდ აღარ გადის. წინა ტურში კი სულაც ჰეთ თრიქი შეასრულა.
გორელებმა ქულები დაკარგეს. ამისდაკვალად, მათი გადასწრების და ისევ მესამე ადგილზე ანაცვლების შანსი „ჩიხურას“ გაუჩნდა. იგებდა კიდეც, მე-4 წუთზე ირაკლი ბუღრიძის გოლით, მაგრამ მერე თამაშში რაღაც მოეშალათ, რკინიგზელებმა კი პირიქით, ვითარებას ალღო აუღეს და სამჯერ დაამწუხრეს საჩხერელთა ბოსნიელი მეკარე დინო ჰამზიჩი.
„ლოკომოტივმა“ ზედეზედ მესამე თამაში მოიგო.
„სამტრედიის“ უსახური სერია კი ისევ გრძელდება. იმერლებმა პირველ ტურში 5 მარტს, სტუმრად „ლოკომოტივს“ სძლიეს და მერე გამარჯვების სიხარული აღარ უნახავთ. აპრილის შუაში მწვრთნელიც შეეცვალათ, უჩა სოსიაშვილის მაგიერ ბადრი კვარაცხელია მივიდა, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს.
ახლა გუნდებს ცოტა ამოსუნთქვის საშუალება ექნებათ, რადგან მომდევნო ტური ორი კვირის შემდეგ გაიმართება. მიზეზი – სანაკრებო პაუზა გახლავთ.

XIII ტური. საბურთალო 2:1 რუსთავი, სიონი 2:2 დილა, ტორპედო 1:1 დინამო, ჩიხურა 1:3 ლოკომოტივი, კოლხეთი 2:2 სამტრედია

სატურნირო მდგომარეობა

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
საბურთალო36247564:2979
დინამო36216973:3869
ტორპედო36209766:2569
ჩიხურა361971054:3364
დილა361712760:4063
ლოკომოტივი361281643:5544
რუსთავი368131533:4437
სიონი36872139:6531
სამტრედია36492328:8121
კოლხეთი36482426:7614

XIV ტური
9 ივნისი: სამტრედია – ტორპედო, რუსთავი – სიონი, დილა – კოლხეთი
10 ივნისი: ლოკომოტივი – საბურთალო, დინამო – ჩიხურა

მეგოლეები: გიორგი გაბედავა (ჩიხურა), ლეანდრო რიბეირო (დილა) – 8, ოთარ კიტეიშვილი (დინამო) – 7, ბუდუ ზივზივაძე (დინამო), მიკოლა კოვტალიუკი (დილა) – 6

წილი
წინა სტატიარას მერჩი, სიმონ?!
შემდეგი სტატიაავადმყოფური ნახატი უფრო ღრმა აზრით
კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.