ოლივერ კანი შიშობს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაშვებულმა ორმა უხეშმა შეცდომამ „ლივერპულის” 24 წლის მეკარეს, მის თანამემამულეს, გერმანელ ლორის კარიუსს შეიძლება კარიერა დაუნგრიოს.

ვეტერანმა გოლკიპერმა ZDF-თან ინტერვიუში თქვა: „სიტყვებიც კი ვერ შემირჩევია. არ მაგონდება მეკარეს იმაზე დიდი კოშმარი გადახდენოდეს, კარიუსს რომ გადახდა ამ ფინალში. ერთმა ასეთმა საღამომ შეიძლება მთელი კარიერა დაამსხვრიოს”.

მართლაც, ლორის კარიუსმა ისეთი უხეში შეცდომები დაუშვა, რომ აგერ უკვე ორი დღეა ფეხბურთის გურმანები გარეთ ბეილის ჯადო-გოლზე კი არ ლაპარაკობენ, მეკარის საცოდაობაზე ამახვილებენ ყურადღებას. თავად კარიუსმა კი ინსტაგრამზე დადო ფოტო, სადაც მას მატჩის შემდეგ მედალს აძლევენ და ამ ფოტოს ტექსტიც მიაწერა:

„დღემდე არ მძინებია… ჩემი გონება იმეორებს და იმეორებს იმ საშინელ სცენებს…

უსასრულო ბოდიშს ვუხდი ჩემს თანაგუნდელებს; ბოდიშს გიხდით თქვენ, გულშემატკივრებო და ბოდიშს ვუხდი გარშემო ყველას. ვიცი, რომ ყველაფერი ჩემი ორი შეცდომის ბრალია. მე თქვენ გიღალატეთ. ადრეც ვთქვი, მინდა დრო უკან გადავახვიო, მაგრამ ეს შეუძლებელია.

მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ ჩვენ ვგრძნობდით — „რეალის” დამარცხება შეგვეძლო და მატჩის მსვლელობისას მართლაც იყო ხანგრძლივი მონაკვეთები, როდესაც უპირატესობას ვფლობდით.

მადლობა ჩვენს დიდებულ ფანებს, რომლებიც კიევში წამოგვყვნენ და მატჩის შემდეგაც კი მამხნევებდნენ. ეს მე მაჩვენებს თუ რა დიდი ოჯახია „ლივერპული”.

დიდი მადლობა. ჩვენ გაძლიერებულები დაგიბრუნდებით”.

„ლივერპულის” ლეგენდარულმა მეკარემ, 69 წლის რეი კლემენსმა, რომელსაც 1979 წლის შემოდგომაზე თბილისის „დინამომ” ოთხი გოლი გაუტანა (ერთი „ენფილდზე” და სამი „დინამოზე”), Radio Five-თან საუბრისას თქვა:

„ახლა კარიუსს მთელი ზაფხული შეუძლია იფიქროს იმაზე რაც მოხდა. როდესაც უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში უხეშად ცდები, ეს შეცდომა მთელი ცხოვრების განმავლობაში მიგყვება. მას ხალხი არ დაგივიწყებს. ყოველთვის გაგახსენებენ”.