„რეალი” რომ ძლიერია და ბოლო დღეების ტერმინს თუ ვიხმართ მონსტრია ამას დიდი ლაპარაკი არ უნდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მადრიდელთა გუშინდელ წარმატებაში თავისი წვლილი „ლივერპულის” 24 წლის გერმანელმა მეკარემ ლორის კარიუსმაც შეიტანა — მან ორი უხეში შეცდომა დაუშვა, რომელთაც ქარიმ ბენზემასა და გარეთ ბეილის გოლები მოჰყვა. კარიუსი დღეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საბრალო ადამიანია მთელ დედამიწაზე. ფინალში დაშვებული ორი უხეში შეცდომა მას მთელი ცხოვრება ლაქად გაჰყვება. ალბათ შვილიშვილებიც კი კიევის კოშმარზე შეეკითხებიან.
ვინ არის და რა ჩაიდინა კარიუსმა კითხულობს „სანი” და თავის მრავალმილიონიან მკითხველს ერთხელაც აცნობს ინგლისური გუნდის მეკარეს.
ლორის კარიუსი „ლივერპულმა” 2016 წელს „მაინცისგან” ხუთი წლით, 4,7 მილიონ გირვანქად იყიდა. მას გერმანიის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, მაგრამ ბუნდესმანშაფტის კარში არასდროს დაუყენებიათ. „ლივერპულის” შემადგენლობაში კარიუსს კარგი პერიოდებიც ჰქონია და ჩავარდნებიც, მაგრამ ამ სეზონში, იანვრის შემდეგ, იურგენ კლოპმა ის სიმონ მინოლეს საბოლოოდ ამჯობინა და გუნდის მთავარ გოლკიპერად აქცია.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველი შეცდომა კარიუსმა 51-ე წუთზე დაუშვა, როდესაც ხელში დაჭერილი ბურთის თავისი მცველისთვის მიგორება გადაწყვიტა, მაგრამ თანაგუნდელის ნაცვლად პასი ცხვირწინ მდგომ ბენზემას მიაწოდა. ბენზემამ „საჩუქარი” შეირგო და ბურთი ცარიელ კარში შეაგდო. გაწბილებულმა მეკარემ გოლის ავტორის დაჯარიმება მოითხოვა, თუმცა, როგორც „სანი” წერს, თავადვე კარგად ხვდებოდა რაც ჩაიდინა.
ყოფილმა ინგლისელმა მსაჯმა და ექსპერტმა გრემ პოლმა BT Sport-ზე დაუყოვნებლივ გააკეთა კომენტარი. მან თქვა, რომ ბენზემამ გოლი წესების სრული დაცვით გაიტანა, ვინაიდან კარიუსმა ბურთი ხელით გადააგდო.
პოლი: „ამ გოლის დროს თამაშის წესი არ დარღვეულა. კარიუსმა ბურთი ხელით გადააგდო. მას რომ ბურთი აეგდო და ფეხი დაეტყა, მაშინ ბენზემას დააჯარიმებდნენ”.
გერმანელი კიპერის მეორე შეცდომაზე კი ლაპარაკიც ზედმეტია. 83-ე წუთზე გარეთ ბეილმა შორიდან დაურტყა, მან კი ბურთი ვერც დაიჭირა, ვერც მოიგერია, მას ფრიად მოუხერხებლად დაუხვდა და გოლი გაუშვა.